მატეო პოლიტანომ „ვენეციასთან’’ თამაშამდე ორი დღით ადრე „ნაპოლის’’ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა ვერ მიიღო. მიზეზი: გრიპი.

შეძლებს თუ არა ანტონიო კონტეს შეუცვლელი მარჯვენა გარემარბი კვირის შეხვედრაში მონაწილეობას (ვარჯიში რომც განაახლოს) დღეს-ხვალ გაირკვევა, თუმცა ნეაპოლური მედია დაჟინებით წერს, რომ ეუსებიო დე ფრანჩესკოს გუნდის წინააღმდეგ პოლიტანოს ფრთაზე დავიდ ნერეში ითამაშებს, ხოლო მარცხნივ, ჩვეულ ადგილს, ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდება. ამის შესახებ დაბეჯითებით წერს ნეაპოლის მთავარი გაზეთი „ილ მატინოც’’, რომლის პირველი გვერდის ფოტოს აქვე გთავაზობთ.

„ვენეციასთან’’ შეხვედრით „ნაპოლი’’ 2024 წელს ასრულებს. გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნება სერია A-ს მიმდინარე სეზონის მე-18 შეხვედრაში გუნდის მე-13 წარმატება.

შესაძლოა საახალწლოდ „აძურის’’ სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნების შესანიშნავი შანსიც კი მიეცეს, რადგან მანამდე ანუ დღეს, მეოთხე ადგილზე მყოფი „ლაციო’’ ლიდერ „ატალანტას’’ მასპინძლობს და თუ მოუგებს კონტეს გუნდს ხელ-ფეხი გაეხსნება. ბერგამოელები ხომ „ნაპოლის’’ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ.

მეორე მხრივ, „ვენეცია’’ საბრძოლველად მზად არის ― „კომოსა’’ და „იუვენტუსთან’’ ფრეებისა და „კალიარისთან’’ გამარჯვების შემდეგ დე ფრანჩესკოს მე-19 ადგილზე მყოფი გუნდი არც „პარტენოპეელებთან’’ აპირებს დათმობას.

„ნაპოლის’’ სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟესუსი, ილივერა – ანგისა, ლობოტკა, მაკტონიმეი – კვარაცხელია, ნერეში – ლუკაკუ.