გასულ უქმეებზე დასრულდა 39 წლის სევილიელი ხესუს ნავასის დიდი საფეხბურთო კარიერა. ესპანელის პატივსაცემად, მადრიდის „რეალთან“ „სევილიას“ გასვლითი მატჩის წინ გუნდებმა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს.
ნავასი სათადარიგო გახლდათ, მაგრამ სასტარტო სასტვენამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონისა და ევროს ორგზის გამარჯვებულთან გამომშვიდობებისას, საპატიო დერეფანში დადგნენ და ვეტერანს ოვაციებით მიესალმნენ, მათ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნებიც შეუერთდნენ. ამ დროს ხესუსი აცრემლდა.
„რეალმა“ ნავასს საჩუქარი მოუმზადა. ის მადრიდელთა კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა წარმოადგინა, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასზე მექსიკურ „პაჩუკასთან“ გამარჯვების შემდეგ, ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდა „რეალის“ ისტორიაში (28 ტიტული). ხორვატმა „სევილიის“ ლეგენდას კლუბის მაისურა აჩუქა ყველა მოთამაშის ავტოგრაფით – ორი დიდი ფეხბურთელი ჩაეხუტა ერთმანეთს და ესპანელს ისევ გაუჭირდა ემოციების შეკავება.
„სევილიას“ საშინაო სტადიონთან დამშვიდობება კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო – მე-17 ტურში გუნდმა „სელტას“ უმასპინძლა, ნავასმა კი 71 წუთი გაატარა მინდორზე. „რამონ სანჩეს პისხუანის“ პუბლიკამ ფართო ბანერი მიუძღვნა ვეტერანს, ხოლო მატჩის დაწყებამდე ხესუსმა შვილებთან ერთად საპატიო დერეფანში გაიარა და იქაც იყო ცრემლები, ცრემლები და ცრემლები…
მარჯვენა ფლანგელი ესპანეთის ნაკრების ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახლდათ წლევანდელ ევროზე, რომელიც „ფურია როხას“ ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის მსვლელობისას ხესუსმა აღიარა, რომ რამდენიმე წელია მტკივანი ბარძაყით თამაშობს და კარიერას არ ასრულებს „სევილიასა“ და ნაკრებში მიღებულული ემოციების გამო. ევროს შემდეგ ნავასმა ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ხოლო ჯერ კიდევ მაისში გამოაცხადა ფეხბურთთან საბოლოოდ დამშვიდობების თაობაზე.
შემდეგ „სევილიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უფასოდ. მთელი მისი ხელფასი კლუბის ფონდში ირიცხება და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ვეტერანი სამუშაოდ ანდალუსიური კლუბის სისტემაში დარჩება. „რეალთან“ გამოსამშვიდობებელ თამაშამდე ცოტა ხნით ადრე, ხესუსმა აღიარა, რომ ბარძაყის პრობლემები აღარ აძლევს კარიერის გაგრძელების საშუალებას.
„ვცდილობ, ყველა ვარჯიშით და თამაშით ვისიამოვნო, ბოლომდე დავიხარჯო და ყველაფერი გავაკეთო გუნდისთვის. მიუხედავად პრობლემებისა, მინდა აქ ვიყო, რათა ჩემმა თანაგუნდელებმა გაიგონ რა არის სევილია. ეს ექვსი თვე ჩემთვის საჩუქარივით გახლდათ. ვაჩვენე, რომ ძლიერი ვარ. ეს სიგიჟეს ჰგავდა: რიგი თამაშების შემდეგ ორი დღე სიარული არ შემეძლო. ვამაყობ იმით, რომ ყველაფერი გავიღე გულშემატკივრებისთვის და „სევილიასთვის“, – გულდაწყვეტილმა თქვა ფეხბურთელმა.
ხესუს ნავასი „სევილიას“ აღზრდილია და თითქმის მთელი კარიერა მათთან ერთად გაატარა, იმ ოთხი წლის გარდა (2013-2017) როცა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.
ნავასმა კლუბში რეკორდული რაოდენობის – 704 მატჩი ჩაატარა. ოთხჯერ მოიგო ევროპა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ქვეყნისა და უეფას სუპერთასები.