ბრაზილიელი გარემარბი დავიდ ნერეში „ნაპოლიმ’’ მარჯვენა ფრთის გასაძლიერებლად იყიდა. „აიაქსის’’, „შახტარის’’ და „ბენფიკას’’ ყოფილ ფეხბურთელს ორივე ფრთაზე ეხერხება თამაში, მაგრამ თავს მარჯვნივ უფრო კომფორტულად გრძნობს. ამის გამო ის ერთი შეხედვით მატეო პოლიტანოს ალტერნატივა უნდა გამხდარიყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ პოლიტანო დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ხელშეუხებელია. შესაბამისად, ანტონიო კონტემ ბრაზილიელი მარცხნივ, ხვიჩა კვარაცხელიას ფრთაზე გადაიყვანა და ასე დაედო სათავე მის კონკურენციას ქართველ გარემარბთან.
ის, რომ პოლიტანოს „ნაპოლის’’ დაცვაში სერიოზული როლი აკისრია tuttonapoli-სთვისაც ცხადია. ყოველ შეხვედრაში ვხედავთ სურათს, სადაც მეტოქის შეტევის დროს „აძურის’’ მარჯვენაფლანგელი მცველთა მწკრივში მეხუთე კაცად დგას, მაგრამ… ასეთი თამაში შეტევაში მის სიმწვავეს დაღს ასვამს. ვინმემ რომ არ თქვას, ეს დასკვნა შეგრძნებისა და შთაბეჭდილების დონეზე კეთდებაო, tuttonapoli Opta-ს სტატისტიკას ეყრდნობა და რიცხვებით ამტკიცებს, რომ თავდამსხმელი-პოლიტანოს პარამეტრები მიმდინარე სეზონში გასულ სეზონთან შედარებით გაუარესდა. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე შედარებას:
ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების რაოდენობა: 0.26 – 0.06;
ერთ შეხვედრაში შესრულებული საგოლე პასების რაოდენობა: 0.23 – 0.00;
საგოლე მომენტების რაოდენობა (xG p90): 0.25 – 0.09;
საგოლე პასების რაოდენობა (xA p90): 0.24 – 0.17;
მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხებათა რაოდენობა: 3.07 – 2.36.