გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა AS-მა „ვალენსიას’’ ახალი მწვრთნელის კარლოს კორბერანის შესახებ დაწერა. გამოცემა ამბობს, რომ კორბერანი ვალენსიიდან 26 კილომეტრში, ჩესტეშია დაბადებული. მშობლიური ავტონომიის დედაქალაქის გუნდთან მან 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ესპანეთში კორბერანს ნაკლებად იცნობენ, ინგლისის ჩემპიონშიფში კი ლამისა ჯადოქრად მიაჩნიათ ― მისი ხელმძღვანელობით „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი’’ მეხუთე ადგილით ფლეი-ოფში გავიდა. გუნდს პრემიერლიგამდე ერთი ნაბიჯიღა ჰქონდა დარჩენილი ― ორი შეხვედრის ჯამში „საუთჰემპტონთან’’ დამარცხდა.

„ვესტ ბრომვიჩამდე’’ კორბერანი ცოტა ხნით ბერძნულ „ოლიმპიაკოსს’’ ედგა სათავეში, რომელიც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, მაგრამ უკვე იქ, ჯგუფურ ეტაპზე, გუნდი ორ შეხვედრაში დამარცხდა, რასაც დაემატა წაგება საბერძნეთის ჩემპიონატში „არისთან’’ და ესპანელი მწვრთნელი მოხსნეს. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტში „ოლიმპიაკოსი’’ ცხრილში მეხუთე ადგილზე იყო. AS წერს, რომ იმხანად „ოლიმპიაკოსს’’ საქმეები აწეწილი ჰქონდა, ფეხბურთელები მიდიოდნენ და მოდიოდნენ, რამაც, სავარაუდოდ, ცუდი როლი ითამაშა. დიდი ალბათობით კლუბის მეპატრონეებმა ხელი მწვრთნელს შეაწმინდეს.

კორბერანი 2017 წელს „ლიდს იუნაიტედის’’ 23 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი გახდა. ლიდსში მან გაიცნო ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი მარსელო ბიელსა რომელმაც მასზე დიდი გავლენა იქონია. ბიელსას გარდა მისი კერპია პეპ გვარდიოლა. კორბერანის საყვარელი ტაქტიკაა 4-2-2-2.

კარგად რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორი ფეხბურთი უყვარს კარლოს კორბერანს, ვნახოთ რა თქვა ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში: „იდეალური ვარიანტი მთელი 90 წუთის მეტოქის ნახევარზე გატარებაა. მოწინააღმდეგე უნდა დათრგუნო, სახიფათო მომენტები შეუქმნა. მას ცენტს აქეთ გადმოსვლის საშუალება არ უნდა მისცე’’.

ამბობენ, რომ კორბერანი დღედაღამ ფეხბურთზე ფიქრობს. ჩვენთვის კი ის იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც „ვალენსიაში’’ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს.