„ვალენსიას’’ ახალი თავკაცი ჰყავს ― აქამდე ინგლისის ჩემპიონშიფში მომუშავე პოპულარული (მეტიც, როგორ AS წერს მოდური) ახალგაზრდა მწვრთნელი კარლოს კორბერანი. ის რუბენ ბარახას შეცვლის. ესპანურმა კლუბმა შეატყობინა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს’’ რომ მის გამოსასყიდ 2.4 მილიონ ევროს იხდის.
კორბერანი, რომელსაც მიაჩნია, რომ „ვალენსიაში’’ მუშაობა მისთვის ცხოვრების მიერ ნაბოძები დიდი შანსია „ჩეებთან’’ კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე და კიდევ ორი წლით გააფორმებს. უფრო ზუსტად, მისი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. AS-ის აზრით კორბერაინის სახით „ვალენსიამ’’ იშოვა სპეციალისტი, რომლის დახმარებითაც მხოლოდ მიმდინარე ჩემპიონატში ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებას კი არ შეეცდება, არამედ ახალი პროექტის ხორცშესხმას შეუდგება. ახალი პროექტი კი კლუბმა იმ შემთხვევაშიც უნდა წამოიწყოს თუ მომავალ სეზონში სეგუნდა დივიზიონში მოუწევს თამაში.
„ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა’’ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ 41 წლის სპეციალისტმა მათი კლუბი დატოვა და სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა. ინგლისური კლუბი წარმატებას უსურვებს მწვრთნელს, რომელმაც მის რიგებში ორი წელიწადი გაატარა.
კორბერანი დაუყოვნებლივ მიემგზავრება ვალენსიაში, სადაც საშობაო არდადეგების შემდეგ გუნდს შეხვდება და მუშაობას შეუდგება. უფრო ხმაურიან დებიუტს კი კაცი ვერ ინატრებს: 3 იანვარს, „მესტალიაზე’’ „ვალენსია’’ „რეალს’’ მასპინძლობს. ეს გახლავთ შეხვედრა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ დამანგრეველი წყალდიდობის გამო ვერ ჩატარდა.
დროის დაკარგვა არ შეიძლება. „ღამურებს’’ 20 ტური დარჩათ და ამ შეხვედრებში ქულათა რაც შეიძლება დიდი რაოდენობის მოპოვებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში „ვალენსია’’ ლა ლიგიდან გავარდება.