გასულ უქმეებზე საფრანგეთის წამყვან სარაგბო ლიგებში მორიგი ტური გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ლეგიონერებს ინდივიდუალური თვალსაზრისით თავი დიდად არ გამოუჩენიათ, თუ არ ჩავთვლით თედო აბჟანდაძის ორ ზუსტ დარტყმას.
ტოპ 14
ევროპის უძლიერეს ლიგაში ორხელისუფლებიანობა დამყარდა. „ბორდომ“ ლევან ჩილაჩავას „კასტრს“ მძიმე ბრძოლაში სტუმრად 13:3 აჯობა და 41 ქულას მოუყარა თავი. ჩილაჩავას დიდი ჯაფა დაადგა – სასტარტოში მყოფი ვეტერანი პირველი ტაიმის შემდეგ დაასვენეს, მაგრამ მისმა შემცვლელმა 48-ე წუთზე ტრავმა მიიღო და 33 წლის ბურჯს დაბრუნება და თამაშის ჩამთავრება მოუხდა.
ასევე 41 ქულა მოქმედ ჩემპიონ „ტულუზსაც“ აქვს, რომელსაც ასევე მძიმე გასვლა ჰქონდა, ოღონდაც ბორდოელთაგან განსხვავებით, ტულუზელებმა მოგება ვერ მოახერხეს. „ლიონმა“ ბევრად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მაგრად იბრძოლა, 17:7 ამარცხებდა კიდეც, მაგრამ წნეხს ვერ გაუძლო და თამაშიც ფრედ დასრულდა – 17:17. ლიონელთა სასტარტოში ორი ბორჯღალოსანი იყო – ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი, ორივემ შეუცვლელად ითამაშა. უფრო მეტიც, 27-ე წუთზე თამაშში ბექა შვანგირაძე ჩაერთო, ხოლო 45-ეზე – ირაკლი აფციაური.
მესამე საფეხურზე „ტულონია“ , რომელმაც „პოს“ უმასპინძლა და ბონუსით დაამარცხა – 56:23. მასპინძელთა სასტარტოში ბექა გიგაშვილი გამოჩნდა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა, სტუმართა რიგებში კი, ასევე სასტარტო შემადგენლობაში, გურამ პაპიძე იყო.
მე-5, ასევე საპლეიოფო ადგილზე „კლერმონია“, რომელმაც „ლა როშელს“ სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა და სანუგეშო ბონუსიც წამოიღო – 15:20. გიორგი ახალაძე „ვულკანების“ შემადგენლობას 47-ე წუთზე შეუერთდა.
ჩამოთვლილთა გარდა კიდევ ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა: ლუკა ჯაფარიძემ ბოლო 19 წუთი, გურამ გოგიჩაშვილმა კი დასკვნითი – 31, მათი გუნდების ჯახში კი „მონპელიემ“ შინ „რასინგ-92“-ს 21:17 მოუგო და ბონუსიც გაატანა.
პრო დ2
„ორიაკმა“ „დაქსს“ უმასპინძლა და ცხარე ბრძოლაში 27:22 აჯობა. ორიაკელთა სასტარტო შემადგენლობაში 4 ქართველი იყო, მეხუთე კი, თედო აბჟანდაძე შეცვლაზე შევიდა. ბორჯღალოსანმა მგეზავმა 62-ე წუთზე ჯერ თანაგუნდელის ლელო გარდასახა და ანგარიში 24:19 გახადა, ხოლო როცა დაქსელთა დამრტყმელმა სხვაობა 2 ქულამდე (24:22) დაიყვანა, 70-ზე ზუსტად შესრულებული ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 27:22.საინტერესოა, რომ ეს იყო თედოს მე-10 მატჩი მიმმდინარე სეზონში, ქულათა სეზონურ გრაფაში კი მას დღეიდან „100“ უწერია. სულ კი მის ანგარიშზე პრო დ2-ის 30 მატჩი და 199 ქულაა.