„ნაპოლიმ’’ „უდინეზეს’’ სტუმრად 3:1 მოუგო. ტრავმის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას. მის ნაცვლად ანტონიო კონტემ ბრაზილიელი დავიდ ნერეში ათამაშა. ნერეშმა ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი და საყოველთაო აღიარებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა თავისი შეხედულება ზოგადად თამაშისა და კერძოდ ნერეშის შესახებ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფრთაზე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მარცხნივ კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევა. მათ შორის, ვინც მოსაზრება გამოთქვა იყო Radio Kiss Kiss-ის ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო, რომელმაც თქვა:

„იმედი მაქვს, როდესაც კვარა დაბრუნდება ნერეშს მარჯვენა ფრთაზე გადაიყვანენ, სადაც მატეო პოლიტანოს ალტერნატივა გახდება. ბრაზილიელს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა ეკუთვნის’’.

ამასობაში საყოველთაო ყურედღების ცენტრში მოექცა თავად კვარაცხელია, რომელმაც თავის ინსტაგრამზე ნერეშის თამაშით აღტაცება გამოხატა. კონტეს გუნდში რა ჯანსაღი კლიმატი ჰქონიაო, წერენ ნეაპოლური საიტები.