Sport Mediaset-მა გაავრცელა ცნობა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და „ნაპოლიმ’’ შეთანხმებას მიაღწიეს. უკვე ორი დღეა რაც იტალიურ მედიაში ასეთი ინფორმაცია ვრცელდება. გუშინ იმავე შინაარსის წერილი ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ’’ გამოაქვეყნა, რომელიც ბევრმა პორტალმა გააზიარა.

Mediaset-ის ჟურნალისტმა კარლო ლანდონიმ დაწერა: „ნაპოლი’’ დიდი ფინანსური ძალისხმევის წყალობით წყვეტს ფინანსურ დილემას, რომელიც შესაძლოა გაჭიანურებულიყო და გართულებულიყო (წელიწადნახევარში კვარას კონტრაქტს ვადა გაუდის). ახალი ხელშეკრულების შესახებ მხარეები სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს გამოაცხადებენ’’.

ფეხბურთელის გასამრჯელო წელიწადში 1.5 მილიონი ევროდან 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

„ახალი შეთანხმების წყალობით კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს მიაღწევს. ის ფეხბურთელის მომდევნო გაყიდვიდან უზარმაზარ სარგებელს მიიღებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოპერაცია ვიქტორ ოსიმენისას დაემსგავსება, რადგან კონტრაქტის განახლების მიუხედავად კვარაცხელია მომდევნო სეზონისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის’’ სამიზნედ რჩება. ინგლისური კლუბი მზად არის მოთამაშეს 9 მილიონი ევრო შესთავაზოს. გარდა ამისა, არსად გამქრალა „პარი სენ ჟერმენის’’ ინტერესი, რომელმაც გასულ ზაფხულს ქართველი 10 მილიონით მოხიბლა. არის „ბარსელონას’’ ვარიანტიც, მაგრამ ის ნაკლებ აქტუალურია’’.

და ბოლოს Mediaset წერს, რომ მხარეები ყველაზე რთულ საკითხზე შეთანხმდნენ. ეს გახლავთ გამოსასყიდი თანხა. დაითქვა, რომ გამოსასყიდ თანხად ხელშეკრულებაში ჩაიწერება 80 მილიონი ევრო. არადა, „ნაპოლი’’ 100 მილიონის დაფიქსირებას აპირებდა. როგორც Mediaset წერს, ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა 60 მილიონს ითხოვდა, თუმცა ეს რიცხვი პირველად ითქვა. აქამდე ყველა წყარო ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ კვარაცხელიას აგენტი ცდილობდა ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ჩაწერილიყო.