ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა პირველ მატჩში კოსოვოს 3:1 მოუგო.
მთლიანობაში კარგი მატჩი იყო, მაგრამ მრავლად იყო მომენტები, სადაც მეტი ყურადღებით თამაში გვმართებდა. ასე იყო მაშინაც, როდესაც გოლი გავუშვით და კოსოვომ ანგარიში გახსნა. საბედნიეროდ, გოლმა გუნდი არ გატეხა და გიორგი ღავთაძემ მალევე გაათანაბრა. ღავთაძეს მაგარი მატჩი ჰქონდა, მოედნის ყველა მონაკვეთში იბრძოდა. გარჯა მეორე ტაიმში კიდეც დაუფასა მეორე გოლმა. ერთი გოლი კი, არჩილ სებისკვერაძემ ინდივიდუალურად გაიტანა – წინ წასულ მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და თავზე მოხდენილად გადაუგდო.
ასათიანის გუნდი, მეინ რაუნდის მეორე მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. ფრანგებმა დღესვე ბულგარეთში 11:0 მოიგეს. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას ფლეი ოფში გააგრძელებს.