გასული უქმეები დახუნძლული იყო საერთაშორისო რაგბით, თუმცა, პარალელურად საფრანგეთში პრო დ2-ის მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა სწორედ ამ უკანასკნელში შეძლეს თავის გამოჩენა, თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.
ჩემპიონთა თასი
მთავარი სარაგბო ევროთასის 2024-2025 წლების სეზონის სტარტი ინგლისის ქალაქ „ბათში“ შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ფრანგულ „ლა როშელთან“ 20:24 წააგო და ამ მატჩს ორი ქართველი ლაროშელელის გარეშე ჩაიარა.
აი, „კლერმონის“ მწვრთნელმა გიორგი ახობაძე იტალიურ „ბენეტონთან“ საშინაო მატჩში კი დაასაქმა – ბორჯღალოსანი ბურჯი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო და 28:0, ბონუსიან გამარჯვებაში გარკვეული წილიც შეიტანა.
სამხრეთ აფრიკაში ჩვენთვის სასიამოვნო ამბავი დაფიქსირდა – ადგილობრივი „სთორმერზისა“ და „ტულონის“ შეხვედრის 58-ე წუთზე მინდორზე ფრანგთა ქართველი ბურჯი ბექა გიგაშვილი გავიდა. ბორჯღალოსანმა მორაგბემ გასული სეზონის მიწურული და ახლის დასაწყისი ტრავმისა და ოპერაციის გამო გააცდინა და ეს მისი პირველი თამაში იყო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. ტულონელებმა ერთობ მოულოდნელი გამარჯვება იზეიმეს – 24:14.
„სტად ფრანსემ“ ირლანდიაში „მანსტერს“ ბონუსით მოაგებინა – 33:7, თან თამაშის მსვლელობისას პარიზელებმა ორივე სასტარტო მეორეხაზელი წითელი ბარათით დაკარგეს, ლუკა პეტრიაშვილს კი „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა – ახალგაზრდა ქართველმა კვაჭმა მოედანზე ორჯერ შესვლა მოასწრო – ჯერ პირველ ტაიმში მცირე ხნით, შემდეგ კი, 59-ზე მატჩის ბოლომდე.
მეორე პარიზულმა კლუბმა კი მოიგო – „რასინგ-92“-მა შინ ინგლისური „ჰარლიქვინზი“ 23:12 დაამარცხა. გურამ გოგიჩაშვილი პარიზელთა სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე დატოვა მოედანი, გია ხარაიშვილი კი თამაშში იმავე წუთზე ჩაერთო.
ჩელენჯ თასი
„შავი ლომისა“ და მისი 5 თანაჯგუფელის ამბები უკვე გიამბეთ, თუმცა ამ ტურნირზე კიდევ ხუთმა ქართველმა ფრანგული კლუბების კვართებით ითამაშა.
„მონპელიემ“ უელსში „დრაგონსს“ 18:14 მოუგო და ფრანგთა შორის ბოლო 21 წუთი ვანო კარკაძემ გაატარა. „ლიონმა“ მეორე უელსური ფრენჩაიზი, „კარდიფ რაგბი“ 37:26 დაამარცხა და ბონუსიც მიიღო, თუმცა სტუმრებს ბონუსისთვის საჭირო ლელოებიც გაატანინა. დავით ნინიაშვილი ლიონელთა სასტარტოში იყო და შეიცვლელადაც ითამაშა, ბექა შვანგირაძე კი პირველ ტაიმშიც იყო მოედანზე 10 წუთით შესული, ბოლოს კი 69-ზე შეიყვანეს. გურამ პაპიძე თავის „პოს“ „ნიუკასლის“ ბონუსით (32:19) ძლევაში შეცვლაზე 54-ეზე შესვლით წაეხმარა, ხოლო კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე 58-ეზე თავისი „პერპინიანისა“ და სამხრეთაფრიკული „ჩიტასის“ აფრიკულ მატჩში ჩაერთო, რომელიც ფრედ – 12:12 დასრულდა.
პრ დ2
„ორიაკმა“ „ვალანს რომანს“ 18:13 მოუგო და ამ შეხვედრაში 8 ქართველმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან, ცხადია, 7 ორიაკელი იყო. ჰოდა, ტურში „ქართული“ ქულები მხოლოდ ამ შეხვედრაში დაფიქსირდა. დაჩი პაპუნაშვილმა თამაში შეუცვლელად ჩაატარა და 51-ე წუთზე ლელოც გაიტანა, რომელიც მის კარიერაში და შესაბამისად, სეზონში პირველი იყო. წლეულს დაჩის 6 მატჩში ზუსტი დარტყმებით 24 ქულა უკვე ჰქონდა დაგროვებული, მეშვიდეში კი მან ლელოს გემოც დააჭაშნიკა. თედო აბჟანდაძე შეცვლაზე შევიდა და 73-ე წუთზე ზუსტი ჯარიმით მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, პირადი სეზონური ანგარიში კი 8 მატჩში 88 ქულას გაუტოლა.