NBA-ს მიმდინარე სეზონში გოგა ბითაძემ მეექვსე ორმაგი დუბლი მიითვალა, მისმა „ორლანდომ“ კი ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო. ყველა ამ მატჩში ქართველი ცენტრი ძირითად შემადგენლობაში იყო.
ამჯერად „ორლანდომ“ „ბრუკლინი“ 100:92 დაამარცხა, რაშიც ჩვენებურის წვლილი არცთუ მოკრძალებული იყო – 12 ქულა, 13 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 2 დაფარება.
გოგამ 6-6 ორქულიანი და საჯარიმო ესროლა, რომელთაგან ზუსტი 4-4 იყო. სამქულიანი არ უსვრია. გუნდში ყველაზე მაღალი +/- ბალანსი (15) ჰქონდა, ხოლო პასივში ერთადერთი დაკარგვა.
„მეჯიქი“ ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ „ბოსტონ სელტიკსს“ და „კლივლენდ კავალიერსს“ ჩამორჩება. ბითაძეს შემდეგი თამაში „ნიუ იორკ ნიქსთან“ უწევს.
მოიგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომაც“. ტეხასელებმა ამჯერად „საკრამენტო კინგსს“ აჯობეს – 127:125. სამწუხაროდ, მამუკელაშვილს ამ მატჩში დრო არ მისცემია, ხოლო „სან ანტონიომ“ ფლეი ინის ზონაში შეაღწია, რაც ბოლო წლების მანძილზე გაიშვიათებული ჰქონდა.