Khvicha Kvaratskhelia of Napoli on November 27, 2024 in Naples, Italy.„კორიერე დელო სპორტში’’ ყურადღება მიიპყრო წერილმა, რომლის ავტორია კარლოს პასერინი. ჟურნალისტი სერია A-ში მოთამაშე რამდენიმე ლეგიონერზე ამახვილებს ყურადღებას. ის წერს, რომ ფეხბურთელები, რომელთაც სტატიაში ეხება ვარსკვლავები არიან და თავიანთი გუნდებისთვის მეტის გაკეთება მართებთ. ლაპარაკია ლაუტარო მარტინესზე, რომელიც სავარაუდოდ გადაიღალა და „ინტერისთვის’’ იმდენი სარგებელი ვეღარ მოაქვს რამდენიც ადრე მოჰქონდა, ტეუნ კოოპმეინერსზე რომელიც „იუვენტუსში’’ ტრავმებმა დააბრკოლა, ალვარო მორატაზე, რომლის პრობლემაც „მილანში’’ უფრო ტაქტიკური ხასიათისაა და საკონტრაქტო არეულობაში მოყოლილ „ნაპოლისა’’ და „რომას’’ მოთამაშეებზე ხვიჩა კვარაცხელიასა და პაულო დიბალაზე.

პასერინი წერს, რომ ეს უკვე ხუმრობა აღარ არის. რეპეტიციები დასრულდა, წარმოდგენაა საჭირო. ჟურნალისტის აზრით ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა ხალხი ისედაც დიდხანს ალოდინა. მას ახსენდება ირლანდიელი დრამატურგის სემუელ ბეკეტის პიესა „გოდოს მოლოდინში’’, რომლის ორი პერსონაჟი მავანი გოდოს მოსვლამდე კამათობს ის კი… არ მოდის. დროა ლაუტარომ მორატამ, კოოპმეინერსმა, კვარაცხელიამ და დიბალამ ისე ითამაშონ თითქოს ისევ ის ფეხბურთელები არიან თავიდან რომ იყვნენო, წერს ავტორი.

„მათ ელოდება „ინტერი’’, „მილანი’’, „იუვენტუსი’’, „ნაპოლი’’ და „რომა’’. ისინი ამ კლუბებს სჭირდება. მითუფრო, რომ უკვე მეთოთხმეტე ტური დაიწყო ანუ სპექტაკლის შუაა. დღეიდან მარტამდე ნონ-სტოპია: სერია A, ჩემპიონთა ლიგა, კოპა იტალია და იანვარში საუდის არაბეთში სუპერთასი. თუკი აქამდე გუნდები თავიანთი საუკეთესო მოთამაშეების გარეშეც ახერხებდნენ ფონს გასვლას, ახლა ყველაფერი შეიცვლება – მოიმატებს დაღლილობა და პრესი. სწორედ ასეთ დროს უნდა გამოაჩინოს გამორჩეული ნიჭის მქონე ხალხმა თუ რამე შეუძლია. სანამ გვიან არ არის’’, ― წერს პასერინი.

შემდეგ ავტორი ცალ-ცალკე განიხილავს თითოეული მოთამაშის მდგომარეობას. კვარაცხელიაზე ის წერს: „ქართველის კონტრაქტს ვადა 2027 წელს ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმება კი თავსატეხად იქცა. 13 შეხვედრაში 5 გოლი ცოტა არ არის, მაგრამ მეტი შეუძლია. „მას აქვს დიდი სურვილი მთავარი მოქმედი პირი იყოს’’, ― გვარწმუნებს ანტონიო კონტე და თუ ეს მართალია მაშინ როგორც მისთვის ასევე ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისთვის ნიღბის ჩამოხსნის დროა. ფარდა აწეულია’’.