ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის საკითხებში RAI-ს (იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი) ექსპერტმა ჩირო ვენერატომ televomero-ს გადაცემა Terzo Tempo Calcio Napoli-ში ნეაპოლელ გულშემატკივართათვის საინტერესო საკითხებზე ილაპარაკა. თავიდან ის „აძურის’’ ბოლო შეხვედრას შეეხო. ამ შეხვედრის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ რომელუ ლუკაკუ უხეშობის გამო გასაძევებელი იყო.
„თუ სტანდარტებს ასე იცავენ, მაშინ ლუკაკუმდე ჩელიქი უნდა გაეგდოთ, რადგან მე-4 და მე-14 წუთებზე მას ულაპარაკოდ ეკუთვნოდა ყვითელი ბარათები’’, – თქვა ჟურნალისტმა და ამ სიტყვებს შეხვედრის თავისებური ანალიზი მოაყოლა, რაზეც აქ აღარ შევჩერდებით.
შემდეგი თემა, რომელიც ვენერატომ გაარჩია „ნაპოლის’’ შეტევა და სანახაობრივი მხარე იყო: „თამაშის სილამაზე სუბიექტურია. ის, რომ „ნაპოლი’’ ბევს საგოლე მომენტს არ ქმნის იმდენად კონტეს ტაქტიკის ბრალი არ არის, რამდენადაც იმის, რომ კვარა და ლუკაკუ ჯერ ვერ არიან საუკეთესო ფორმაში. ჩემი ღრმა რწმენით მწვრთნელს გუნდის თამაშის ორგანიზება 70 მეტრზე შეუძლია, ბოლო 30 მეტრში კი ფეხბურთელებმა თავად უნდა იმოქმედონ. ლუკაკუს მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად სპალეტის ვიქტორ ოსიმენი ჰყავდა, სარის დროს კი ჯერ გონსალო იგუაინი თამაშობდა, ხოლო შემდეგ დრის მერტენსი’’.
„რომასთან’’ თამაშის შემდეგ დიდ განხილვის საგნად იქცა ხვიჩა კვარაცხელიას საქციელი მოედნიდან გასვლისას. როდესაც ქართველი დავიდ ნერეშით შეცვალეს, მან მოედანი მოქუფრული სახით დატოვა და დარჩენილი დროის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე განხალკევებით იჯდა.
„მოედნის დატოვება მრავალნაირად შეიძლება. კვარაცხელიას პერიოდულად საკუთარ თავთან კითხვები უჩნდება და შემდეგ მათზე პასუხს სცემს. პროფესიონალი უნივერსალური ადამიანი უნდა იყოს. როდესაც პროფესიონალი ხარ გრძნობები და რაციონალიზმი უნდა გამიჯნო. ფეხბურთელს, თუ ის პროფესიონალია, საქმიანი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს განვითარებული და როდესაც ერთი და იგივე უკვე წლობით მეროდება, ჯობს დაფიქრდე. მე მას და მის გარემოცვას ვურჩევ დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა გააკეთა. ფეხბურთელი პროფესიონალი უნდა იყოს როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ.
„იუვე’’ და კვარა? „იუვენტუსს’’ დღეს იმდენი ფული არ აქვს კვარას ყიდვა რომ შეძლოს.
„ნაპოლი’’ კვარაცხელიას 6 მილიონ ევროზე მეტს არ შესთავაზებს. შეადარეთ ეს რიცხვი 1.8 მილიონს, რომელსაც ის ახლა იღებს. ფეხბურთელზე ნაკბენივით იმოქმედა იმან, რომ ის „პარი სენ ჟერმენს’’ არ მიჰყიდეს – აგენტის თქმით პარიზელები კვარაცხელიას 13 მილიონს სთავაზობდნენ – და ახლა ის ცდილობს რამენაირი კომპენსაცია მიიღოს, მისი გასამრჯელო 10 მილიონის ფარგლებში მაინც იყოს. ვფიქრობ, დღეს მხარეები ეძებენ ახალი კონტრაქტის იმ ვარიანტს, რომელიც გაისად მათ დაშორებაში დაეხმარება. აგენტს უჯობს გამოსასყიდი თანხა იყოს 80 მილიონი, მაშინ როდესაც „ნაპოლი’’ ცდილობს ეს თანხა 120 მილიონთან იყოს ახლოს. კვარას თავს სთავაზობდნენ „ბარსელონას’’, „მანჩესტერ იუნაიტედს’’, „რეალსა’’ და კვლავ „პარი სენ ჟერმენს’’, მაგრამ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. დააკვირდით დე ლაურენტისს. ის აშკარად იმედგაცრუებულია შეთავაზებაზე უარი რომ მიიღო. ამ უარის შემდეგ ფეხბურთელისთვის ახალი პირობები აღარ შეუთავაზებია’’.