საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ საკმაოდ თვალსასეირო თამაშში ტონგის ნაკრებს 22:7 მოუგო და შემოდგომის ტესტების სეზონი პოზიტიურად დაასრულა.
ბორჯღალოსნების მესამე საშემოდგომო ტესტ-მატჩი წინა ორისგან რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. თუკი ახალი ზელანდიის xv-სა და იტალიასთან საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი პირველი ტაიმები ჩაატარა, რასაც უქულო მეორე ნახევრები მიაყოლა, 24 ნოემბერს ტონგასთან მატჩის პირველი ტაიმი უქულოდ დასრულდა – 0:0, რაც ნებისმიერი დონის რაგბისთვის უიშვიათესია, თან ვერავინ მიუთვლიდა ამ ტაიმს საქათველოს ნაკრების აქტივს, მეორე ტაიმში კი ქართველებმა გაილაღეს და დამსახურებულადაც იმარჯვეს – 22:7.
ეს იყო ქართველებისა და ტონგელების რიგით მერვე დაპირისპირება და ახლა ბორჯღალოსანთა მხარეს 6 გამარჯვებაა. მართალია, სარეიტინგო კონტექსტში ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენიმე თვალსაზრისით გამარჯვებას გარკვეული ამბები მოჰყვა.
სხვა თუ არაფერი, შემოდგომა გამარჯვებით დასრულდა, მეორე ტაიმში კარგმა, მძლავრმა თამაშმა ასახვა ქულებშიც ჰპოვა, ფაქტობრივად გადაწყდა, რომ რიჩარდ კოკერილმა, უფრო სწორად კი, როგორც თავად ინგლისელმა შეუსწორა ჟურნალისტებს, მან 2027 წლის მსოფლიო თასამდე კონტრაქტი დაიბევა, ბექა საღინაძე მწყობრში ჩადგა და კარგადაც დაბრუნდა, ხოლო გოდერძი შველიძის ოჯახში მორიგი სასიხარულო ამბავია: თუკი შაბათს ლეგენდარული ვეტერანი ბორჯღალოსნის უმცროსმა ვაჟმა ანრი შველიძემ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა, კვირას გიორგი შველიძემ, ანრის უფროსმა ძმამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და ერთი-ორი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შექმნა.
ჩვენმა ნაკრებმა სამი ლელო გაიტანა. ჯერ იყო და, საოცარ ფორმაში მყოფმა და ტონგასთანაც ბრწყინვალედ მოთამაშე დავით ნინიაშვილმა მარცხენა ფლანგზე ჩათვლის მოედნის პირისპირ ბურთიანად სანდრო თოდუა დატოვა, რომელმაც თავის 117-ე სანაკრებო მატჩში მე-19 ლელო მიითვალა და ეს ყველაფერი 37 წლის ასაკში მოახერხა! ლუკა მატკავამ ურთულესი გარდასახვა ბრწყინვალედ შეასრულა და 7:0 დავწინაურდით.
მერე ბორჯღალოსანთა კარგი შეტევა კუნძულელებმა წესის დარღვევით შეაჩერეს, მანამდე გაძევებული გიორგი მამაიაშვილის გზას დამნაშავე ტონგელიც გაუყენეს და საქართველოს ნაკრებს საჯარიმო ლელო ჩაუთვალეს – 14:0.
მამაიაშვილი რომ დაგვიბრუნდა, მატკავამ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო დაარტყა და ანგარიში 17:0 გახადა.
ხოლო ვიდრე გასინბინებული ტონგელი დაბრუნდებოდა, აკა ტაბუცაძე საპირისპირო კიდესთან ბურთიანად კუნძულელებს გაექცა, იგრძნო რა, რომ შებოჭავდნენ, ბურთი ფეხით წინ გაიგდო და უკვე ლელოში დაეწია. მატკავამ პირველი გარდასახვასავით რთული დარტყმა ამ ჯერზე გააცუდა და ანგარიში 22:0 დარჩა.
ჩვენი გუნდის დომინაცია სრული და უპირობო იყო და საქმეს ისეთი პრი უჩანდა, რომ ტონგელები თვილისიდან ხახამშრალები წავიდოდნენ, რომ არა ლუკა ნიორაძის უნებლიე სახიფათო ბოჭვა და წითელი ბარათი.
ეს 74-ე წუთზე მოხდა, დარჩენილი დრო კი ტონგელებმა აღმავლობით ჩაატარეს, რასაც მეორე გაწითლებულ წუთზე მათი ლელოც მოჰყვა. გარდასახეს კიდეც და თავის მარცხს უფრო ადამიანური სახე მისცეს.
მთლიანობაში თამაში საკმაოდ კარგი სანახავი იყო, რაც ქართველებს პირველ ტაიმში არ გამოუვიდათ, მწვრთნელის შენიშვნებითა და რჩევებით შესვენების შემდეგ გამოსწორდა. საქართველოს ნაკრებმა შემოდგომა მაჟორულად დაასრულა და იანვრის ბოლომდე დაისვენებს, ვიდრე კარგა გვარიანად ყელში ამოსული „რაგბი ევროპის“ მორიგი მოსაწყენი ჩემპიონატი დაიწყება…