საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს – სპორტული მედიის მესაჭე მომდევნო ოთხი წლით ჩვენი კოლეგა, ყველასთვის ცნობილი, გამოცდილი გიგა გვენცაძე იქნება, რომელმაც ეს პოსტი მიხეილ აბაიშვილისგან გადაიბარა, რომელიც თავის მხრივ, ორი ვადით, რვა წლის მანძილზე წარმატებით უძღვებოდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.
დღეიდან მიხეილ აბაიშვილი, ბიძინა ბარათაშვილთან და თენგიზ პაჭკორიასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციებს შეასრულებს. ძველ-ახალია გენერალური მდივანიც. ამ პოსტზე კვლავაც ზურაბ თალაკვაძე იმუშავებს…
– ჩვენ ეს პროფესია იმიტომ ავირჩიეთ რომ, ქართველების წარმატებით აღფრთოვანება და ამის გადმოცემა გვიყვარს. ჩვენ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და ყოველთვის საქართველოს სამსახურში ვიქნებით, – ამ სიტყვებით მიმართა კოლეგებს ერთხმად არჩეულმა გიგა გვენცაძემ და დაამატა, რომ სსჟა-ს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ასოციაციის სტატუსის ამაღლება იქნებაო.
„სარბიელი“ წარმატებას უსურვებს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალ პრეზიდენტს და მის გუნდს.