ეროვნული ლიგის 33-ე ტურმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა ტიტულის მთავარი პრეტენდენტის ვინაობა. „იბერიამ“ გიორგი ჯგერენაიას ერთადერთი გოლით სტუმრად მოუგო „ბათუმს“, თუმცა მანამდეც შეეძლოთ გატანა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი კოხრეიძემ პენალტი ვერ გაიტანა.
და ვინ აუღო? ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც ახლახან 21-წლამდელთა პლეი-ოფში სტუმრად ხორვატ თანატოლებთან ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ლომის წილი დაიდო ჩვენი ახალგაზდული ნაკრების ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში.
„იბერიამ“ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო და ახლა დარჩენილ 3 ტურში მხოლოდ 3 ქულა ეყოფა ჩემპიონობისთვის.
„დილამ“ „დინამოს“ სენეგალელი იბრაჰიმა დრამეს 95-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოუგო და უეფას კონფერენციის ლიგის საგზური ოფიციალურად გაინაღდა.
„ტორპედო“ კი მულოდნელად ერთერთ აუტსაიდერ „კოლხეთთან“ დამარცხდა და ლიდერი „იბერია“ 6 ქულით „გაუშვა“ წინ. ამ მატჩში ვიხილეთ ავტოგოლიც (ნიკა სანდოხაძე), გაცუდებული პენალტიც (გიორგი ახალაძე) და გაძევებაც (ბიორნ იონსენი).
„სამგურალმა“ „სამტრედია“ ლევან კუტალიას გოლით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ კუტალიამ წინა ტურში „გაგრასთან“ პოკერი შეასრულა, ჯამში კი მიმდინარე სეზონში 10 გოლი მოუგროვდა, რაც ჩინებული შედეგია, თუ გავითვალიწინებთ, რომ წყალტუბოურ კლუბში ოფიციალურად წლევანდელი პირველი ივლისიდან ირიცხება.
„გაგრამ“ კი „თელავს“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო და პლეი-აუტის ზონა დატოვა.
გაგრა 2:0 თელავი
1:0 ხარებაშვილი (60, 2:0 პაპუაშვილი (89)
გაძევება: ოდიშვილი (55)
სამგურალი 1:0 სამტრედია
1:0 კუტალია (83)
კოლხეთი 3:1 ტორპედო
1:0 სანდოხაძე (10 საკ. კარში), 2:0 კლიმოვი (44 პენ), 2:1 პირესი (55), 3:1 აბუაშვილი (90+3)
53-ე წუთზე ახალაძემ (კოლხეთი) ვერ გაიტანა პენალტი
გაძევება: იონსენი (81) – ტორპედო
დილა 1:0 დინამო
1:0 დრამე (90+5)
ბათუმი 0:1 იბერია
0:1 ჯგერენაია (64)
45-ე წუთზე კოხრეიძემ (იბერია) ვერ გაიტანა პენალტი
გაძევება: მილჩენკო (71) – ბათუმი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
იბერია 1999 | 33 | 22 | 4 | 7 | 70:43 | 70 |
ტორპედო | 33 | 19 | 7 | 7 | 54:38 | 64 |
დილა | 33 | 17 | 11 | 5 | 54:28 | 62 |
ბათუმი | 33 | 13 | 10 | 10 | 39:38 | 49 |
სამგურალი | 33 | 10 | 9 | 14 | 48:47 | 39 |
დინამო | 33 | 9 | 12 | 12 | 32:38 | 39 |
გაგრა | 33 | 10 | 5 | 18 | 34:49 | 35 |
კოლხეთი | 33 | 7 | 13 | 13 | 42:56 | 34 |
თელავი | 33 | 7 | 9 | 17 | 27:40 | 30 |
სამტრედია | 33 | 5 | 12 | 16 | 31:54 | 27 |
მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 21, ტაირელ ვაუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 17, გიორგი კოხრეიძე (იბერია) – 15, შეიკნე სილა (იბერია, მალი) – 13, გიორგი ხარებაშვილი (გაგრა), ლუკა ხორხელი, ლევან კუტალია (ორივე – სამგურალი) – 10