ოქტომბრის წყალდიდობით განადგურებულმა ვალენსიამ შოკი გადალახა, ფეხბურთისთვის მოიცალა. ლა ლიგის ორი ტურის გამოტოვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილის გუნდმა „რეალ ბეტისს’’ უმასპინძლა და შთამბეჭდავად მოუგო 4:2. გიორგის ორ გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის. ქართველმა მეკარემ რამდენჯერმე იხსნა კიდეც „ღამურები’’, თუმცა მეორე ტაიმში, როდესაც სტუმრებმა გამწარებით შეუტიეს იყო ორ-სამ წუთიანი მონაკვეთი, როდესაც ერთხელ გამოსვლაზე შეცდა (მცველმა დააზღვია) და მეორედ ბურთი ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელისთვის გადაეგდო, აუტში გადაუვარდა.

შეხვედრის გმირი კი გახდა უგო დურო, რომელმაც „ვალენსიას’’ ოთხი გოლიდან სამში მონაწილეობა მიიღო: ორი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. სხვათა შორის „ბეტისის’’ პირველი გოლიც დურომ შეაგდო… საკუთარ კარში. ამრიგად, Opta-ს დათვლით 21-ე საუკუნეში ის გახდა პირველი ფეხბურთელი რომელმაც ესპანური ლა ლიგის შეხვედრაში ერთ კარში სამ და მეორე კარში ერთ გოლში მიიღო მონაწილეობა.