კვირას „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. ეს იქნება რომაელთა პირველი თამაში კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით. მასპინძელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ კი მატჩის წინ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა.
დაბალანსებული ჩემპიონატი: დღეს ბევრ გუნდს დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ქულა აქვს. ჩვენ კარგად მივდივართ, მაგრამ ასევე არიან სხვებიც. ალბათ გარკვეული მოულოდნელობაც კი არის იმაში, რომ ზოგი გუნდი 12 ტურის შემდეგ კვლავ ლიდერთა შორისაა.
ნაპოლი vs რომა: ეს მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო მატჩია, განა სიცოცხლეს ვრისკავთ. მიხარია კლაუდიოს (რანიერის) რომ შევხვდები. მე მას დიდ პატივს ვცემ, ვმეგობრობ კიდეც. მეგონა ნაკრების მწვრთნელის რანგში დაგვიბრუნდებოდა, მაგრამ რაკი მის გულში „რომასა’’ და „კალიარისთვის’’ ადგილი ყოველთვის ღიაა მიხარია საქმეს რომ დაუბრუნდა. მიხარია მისი ოჯახის გამოც, რადგან ისინი რომში ცხოვრობენ. რაც შეეხება შეხვედრას, ის რთული იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ „რომა’’ გასულ სეზონში „ნაპოლიზე’’ წინ გავიდა, ევროპის ლიგაზე თამაშობს და კლუბმა სატრანსფერო ბაზარზეც კარგად იმუშავა. იმედი მაქვს „ნაპოლითან’’ თამაშის შემდეგ „რომას’’ საქმეები კარგად წავა.
„რომას’’ მწვრთნელი შეეცვალა: მწვრთნელის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იურიჩი რომ დარჩენილიყო, მეტოქის სათამაშო სისტემის შესახებ წარმოდგენა გვექნებოდა, ახლა კი ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჩვენ არ ვიცით როგორ გვეთამაშება მოწინააღმდეგე, ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ეს იქნება რთული მატჩი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც გარკვეული სირთულეები ჰქონდა.
VAR-ის შესახებ: არ მგონია თემამ რომელიც წინა ტურის შემდეგ წამოვწიე შედეგი გამოიღოს. მე წამოვიწყე კონსტრუქციული დისკუსია რათა მდგომარეობა გამოვასწოროთ. როდესაც მარინიმ „ინტერთან’’ შეხვედრაში ჩენს კარში პენალტი დანიშნა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის VAR-ს არდალაპარაკებია, მაგრამ ჩანაწერში მოვისმინეთ, რომ საუბარი შედგა და VAR-მა მსაჯს მხოლოდ ერთი რამ უთხრა — კონტაქტი იყოო. მაგრამ განა ფეხბურთი კონტაქტური სპორტი არ არის? თუ ჩვენ კამათი კი არა კონსტრუქციული მიდგომა გვესაჭიროება, მაშინ მარიანის „სან სიროზე’’ უნდა დავხმარებოდით. არ არის საკმარისი იმის თქმა, რომ „კონტაქტი იყო’’. დასაზუსტებელია რანაირი კონტაქტი იყო. მსუბუქი? ოდნავი? იმედი მაქვს, რომ ეს ყველამ გაიფიქრა. ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც გაივლო. გამოვიყენოთ ტექნოლოგიები უკეთ, დავეხმაროთ მსაჯებს. მსაჯმა შესაძლოა რაღაც დაინახა, მაგრამ ტექნოლოგია იმიტომ არსებობს, რომ მას დაეხმაროს. იმის თქმა რომ კონტაქტი იყო ყველას შეუძლია, მაგრამ საჭიროა განისაზღვროს უნდა დაინიშნოს თუ არა პენალტი. ჩემი აზრით მარიანის იმ დღეს უბრალოდ არ დაეხმრნენ. მონიტორთან რომ გამოეძახათ ეპიზოდს კიდევ ნახავდა, თუმცა შესაძლოა თავისი გადაწყვეტილება არც შეეცვალა. ამ შემთხვევაში მე მის გადაწყვეტილებას მივიღებდი. ამიტომ, მე მარიანის კი არ ვაკრიტიკებ არამედ მათ, ვინც მას ვერდქტის შემოწმების საშუალება არ მისცა. ჩვენში ყველაფერს კამათის დონეზე განიხილავენ, მე კი მინდა საქმიანი ნაბიჯები გადავდგათ.
ლობოტკა ბრუნდება: სტატისტიკა მეტყველებს, რომ ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოვიგეთ, „სან სიროზე’’ ფრედ ვითამაშეთ და „ატალანტასთან’’ დავმარცხდით. ანუ, ლობოტკას გარეშე არც ისე ცუდად გვიასპარეზია და ამიტომ არ არის საჭირო კატარსტოფული მდგომარეობის დახატვა თითქოს ის ჯეროვნად ვერ შევცვალეთ. მე ვიცი, რომ გილმორი ყოველ შეხვედრაში 200 პროცენტით იხარჯება.
ლუკაკუ და მაკტომინეი: ისინი სანაკრებო შეკრებებიდან დაბრუნდნენ და ვარჯიშობენ. პრობლემა არ აქვთ. გუშინ ოლივერამაც ივარჯიშა. ვინ როგორ ფორმაშია ამის ხვალ შევაფასებ.
დავიდ ნერეში: დავიდი კარგად თამაშობს, თავდადებულია, ის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ნერეში არის ფეხბურთელი რომლისთვისაც შესაძლებლობების შექმნას ვცდილობთ, რათა მისი თვისებები უკეთ გამოვიყენოთ. მე ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ინდომებს ის ჩვენი გუნდისთვის. „სან სიროს’’ თუ არ ჩავთვლით ის ყოველთვის სასარგებლო იყო, თუნდაც ეპიზოდურად. ნერეში გახლავთ შემქმნელი ფეხბურთელი, რომელიც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, პოზიტიური პიროვნებაა. მე მისით კმაყოფილი ვარ.