რომელიმე ჟურნალისტმა თუ ჩეხეთი-საქართველოს (2:1) მატჩი ტაქტიკურად გაარჩია, მინიმუმ არაპროფესიონალია. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის აზრით, ასეა…
„ასეთი მატჩის შემდეგ ტაქტიკაზე საუბარი საჭიროდ არც კი მიმაჩნია. ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ“, – განაცხადა მუსიე ვილიმ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
თქვენ ოღონდ არ გეწყინოთ ვილი ბატონო და, საერთოდ არ გავარჩევთ ტაქტიკურად. სამაგიეროდ, გავარჩევთ თქვენს ამ და სხვა ნათქვამს…
საინტერესოა, რაზე უნდა ისაუბროს მატჩის შემდეგ მწვრთნელმა? ალბათ იმაზე, თუ რა და რატომ დაგეგმა, რა შესრულდა და არ შესრულდა, რა გამოგვივიდა და არ გამოგვივიდა, რაში ვიყავით კარგი და რაში ცუდი, ვინ როგორ გაართვა თავი დავალებებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი, მოსამატებელი…
ხედავთ მუსიე ვილი როგორ იწყება ჩამონათვალი? რა დაგეგმაო… ანუ, თავიდანვე რა იყო გეგმაში, რა ტაქტიკა გქონდათ ჩაფიქრებულიო… თქვენ კიდევ საკუთარ პასუხისმგებლობას თავი აარიდეთ და ჯოხი ფეხბურთელებზე გადატეხეთ. იმ ფეხბურთელებზე, რომელთა დამსახურებით ახალი, ოთხწლიანი სამსახური მიიღეთ. ამ ფეხბურთელების დამსახურებაა მწვრთნელად რომ გაგიცნოთ საფეხბურთო საზოგადოებამ. თქვენ კი… თუმცა, მუსიე ვილიმ მარტო ფეხბურთელებს არ მიაყენა შეურაცხყოფა.
„მატჩის დასაწყისში საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, ამის მთავარი გამომწვევი პრობლემა მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ“, – ასე ბრძანა სანიოლმა პრესკონფერენციაზე.
ეგ ბიჭები იყვნენ იგივე მენტალიტეტით ევროპის ჩემპიონატზე რომ თამაშობდნენ და ღირსების ორდენთან ერთად თბილისის საპატიო მოქალაქეობა რომ მიიღეთ. ამავე მენტალიტეტის გაცილებით ახალგაზრდა ბიჭებმა იმავე დღეს ხორვატიას ორჯერ დაუტრიალეს თამაში, ბოლო წამზე გაშვებული გოლის შემდეგაც არ გატყდნენ, პენალტების სერიაში ჩამორჩენილებმა ძალ-ღონე მოიკრიფეს, ძლიერი ხასიათი გამოაჩინეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.
ამ მენტალიტეტზე საუბრობთ?
სანიოლი ხშირად იმეორებს ერთი და იმავე ამოჩემებულ სიტყვებს – ხომ გახსოვთ 4-5 წლის წინათ D დივიზიონში ვიყავით, ახლა B დივიზიონში ვთამაშობთო.
გვახსოვს! 1981 წელიც გვახსოვს, 1964-იც… ჩვენი ფეხბურთის ისტორიას თქვენ რატომ გვახსენებთ და გვასწავლით? მაგ ბიჭების, ერის და მენტალიტეტის დამსახურებაც არის B დივიზიონში რომ ვართ, მარტო საკუთარ თავზე ნუ მიიწერთ და გვამადლით… ის, ახალი ოთხწლიანი სამსახურიც ჯერ არ დაგიწყიათ და უკვე ძალიან შეტოპეთ მუსიე ვილი…