ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ფინეთთან პირველი თამაში 21 ნოემბერს უწევს.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ჰელსინკიში 10 კალათბურთელით გაფრინდა, სადაც ოთხნი დახვდნენ, ხოლო კიდევ ერთი მატჩის დღეს შეუერთდება.

ჯიკიჩმა, ჯამში 15-კაციანი შემადგენლობა თბილისი არენაზე გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ დაასახელა. გეტყვით რომ, ფინეთთან მატჩისთვის ვარჯიში ჩვენებმა ლეგიონერების გარეშე, 10 კალათბურთელით დაიწყეს, რომლებსაც მოგვიანებით ევროტურნირზე მოასპარეზე „ქუთაისის“ კალათბურთელები და დუდა სანაძე შეუერთდნენ.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულებანაკრებს ჰელსინკიში სწორედ ლეგიონერები – რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი დახვდნენ, ხოლო შენგელია გუნდს ჩარტერული რეისით 20 ნოემბერს, „ბოლონია“ – „ფენერბახჩეს“ თამაშის შემდეგ ჩააკითხავს.

ჯიკიჩის გუნდს პრობლემებიც აქვს: თბილისური ვარჯიშებისას სანდრო სანაძემ მხრის ტრავმა მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა, ხოლო გიორგი ოჩხიკიძემ ფეხი გადაიბრუნა, მაგრამ ნაკრებში რჩება, რადგან არის იმედი, რომ მომავალ მატჩამდე (24 ნოემბერი) მისი რეაბილიტაცია მოესწროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ორი მატჩი ელის და ორივე ფინეთთან – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში.

ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში არცთუ სახარბიელო პოზიციაზეა – ორი მატჩი, ორი წაგება. საქართველომ შინ სერბეთთან 63:76 და სტუმრად უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დათმო. შედეგად, ჯიკიჩის გუნდი ბოლო ადგილზეა. ლიდერი ორი მოგებით სერბეთია, ხოლო ფინეთსა და დანიას თითო მოგება და მარცხი აქვთ.

ევროპირველობაზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის, მაგრამ ფინეთი მასპინძელია და ეს უფლება უკვე მოპოვებული აქვს. აქედან გამომდინარე, კონტინენტის საუკეთესო გუნდებთან მოსახვედრად მესამე ადგილის დაკავებაც შესაძლებელს ხდის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, კამარ ბოლდუინი და თორნიკე შენგელია.

ჯიკიჩი თამაშის წინა დღეს იმ 12 კალათბურთელს დაასახელებს, რომლებიც ფინეთთან მატჩის განაცხადში იქნებიან.