მართალია, ალბანეთში ჩეხეთის ნაკრებმა ჯოჯოხეთურ გარემოში ითამაშა, გუნდის მწვრთნელი ივან ჰაშეკი მშვიდად არის. ეროვნულმა გუნდმა ტირანაში 0:0 ითამაშა და სამშაბათს დისკვალიფიცირებული ტომაშ ხორისა და ტომაშ სოუჩეკის გარეშე შინ საქართველოს ნაკრებს ელის.
– გული გწყდებათ იმ ორ ეპიზოდზე, როდესაც ვაცლავ იემელკამ და ლუკაშ ჩერვმა ბურთი ალბანეთის კარის ხარიხას გაარტყეს?
– გული უფრო იმაზე მწყდება, რომ ტირანაში პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობით ვერ ვისარგებლეთ. ბურთს ჩვენ ვფლობდით, რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე მხრივ კმაყოფილი ვარ, რომ ალბანელების თამაშზე არ წამოვეგეთ. ისინი უკან ჩადგნენ და ჩვენს შეცდომას ჩაუსაფრდნენ. ჩვენი დაცვა ამისთვის მზად იყო. მიხარია შედომები რომ არ დავუშვით და ბურთი არ დავკარგეთ.
– თუმცა, მეორე ტაიმში მეტი ზეწოლის ქვეშ მოყევით. ამის მიზეზი რა იყო?
– ალბანეთმა ცვლილებები განახორციელა და წინ გადმოინაცვლა. ჩემი აზრით, პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ვფლობდით, მეორე ნახევარი კი უფრო დაბალანსებული იყო. და მაინც, მეტოქეს საგოლე მომენტების შექმნის შესაძლებლობა არ მივეცით.
– კმაყოფილი ხართ დავის თამაშით, რომელშიც იემელკა თავიდანვე დააყენეთ?
– ის ფანტასტიკურ ფორმაშია, რაც პლზენის „ვიქტორიას’’ შემადგენლობაში ევროთასებზე დაამტკიცა. მართალია კლუბში ცოტა განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს, მან ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი. გოლი კვლავ არ გავუშვით. მეკარე მატეი კოვარჟი მშვიდად იყო. ამის დანახვა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
– შეტევაში ტომაშ ხორისგან მეტს ხომ არ ელოდით?
– მას რთული მატჩი ჰქონდა. ხორიმ კარგად ითამაშა, ის გუნდური ყაიდის ფეხბურთელია. ის მეტოქის დაცვაში შერბოდა, მაგრამ მჭიდრო მეურვების ქვეშ იყო. სამწუხაროდ ხორიმ ყვითელი ბარათი მიიღო, რომლის გამოც საქართველოს ნაკრებთან თამაშს გამოტოვებს.
– ისევე როგორც კაპიტანი ტომაშ სოუჩეკი, რომელიც ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელია. მოფიქრებული გაქვთ, ვინ შეცვლის მას?
– სტილის თვალსაზრისით ზუსტად მისი მსგავსი ფეხბურთელის მოძებნა ძნელია. ის კაპიტანია, ნაკრებში ბევრი თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ შემცვლელები გვყავს. კერძოდ ვის ვათამაშებთ, ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.
– შემცვლელებმა ისე ითამაშეს როგორც ელოდით?
– თითოეულ მათგანს დაცვაში კონკრეტული დავალება ჰქონდა, რომელიც შეასრულეს. შეტევაში მომენტები აღარ შეგვიქმნია, მაგრამ რაც გვინდოდა ის გააკეთეს. მათი ამოცანა დაცვაში მუშაობა იყო.
– ალბანეთში თამაშამდე თქვენ ამბობდით, რომ სტადიონზე აგრესიული გარემო დაგხვდებოდათ.მართლაც ასე მოხდა. გულშემატკივარი მოედანზე საგნებსაც კი ისროდა. ამაზე რა რეაქცია გქონდათ?
– მეორე მხრივ ასეთი თამაშები მიყვარს. ფეხბურთელობის დროს გოლის გატანას იმ შეხვედრებში უფრო ვცდილობდი, სადაც ხალხს არ ვიყვარდი. მათი დამარცხება მსიამოვნებდა. ასეთი გარემო მოტივაციას ზრდის. ჩვენ ტირანაში ატმოსფეროს თავი გავართვით.
– ბოლო ტურის წინ ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე ხართ და სამშაბათს საქართველოს ნაკრებს მასპინძლობთ. ეს გადამწყვეტი შეხვედრაა?
– ჩვენ გვინდა აღვიდგინოთ რეპუტაცია, რომელიც საქართველოში შეგველახა (1:4). ქართველები დაცვიდან კონტრშეტევაზე კარგად თამაშობენ. ამ თვალსაზრისით ეს მატჩი ალბანეთთან თამაშის მსგავსი იქნება. ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, თან შინ ვთამაშობთ. გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ. ყველაფერი ჩვენს ხელთაა.
პაველ შტასტნი, isport