გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ ნამდვილი ომი იყო – იტალიის მორაგბეთა ნაკრები პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებისგან ორი ლელოს მიღების შედეგად 6:17 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში ორი უპასუხი ლელო-გარდასახვა მიითვალა და უმძიმესი გამარჯვება იზეიმა – 20:17.

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში უბრალოდ დაფრინავდა. ყოველ შემთხვევაში, დავით ნინიაშვილი ჰაერში უფრო ხშირად იყო, ვიდრე გაზონზე.

ეს ხუმრობით, თორემ „ნინი“ საწყის 40 წუთში დომინირებდა როგორც მეორე სართულზე, ისე სათამაშო მოედანზე. მან ორივე ლელოში მიიღო მონაწილეობა, მეორე კი ფაქტობრივად ერთპიროვნულად შექმნა.

თუმცა, პირველი ლელო იმდენად დახვეწილი და ლამაზი იყო, ეჭვგარეშეა, მიმდინარე „შემოდგომის ერთა სერიებში“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება.

ჩვენმა შერკინებამ დერეფანი მოიგო და უთუოდ ვარჯიშებზე დამუშავებული ხელდახელ კომბინაციით მეტოქეს თავბრუ დაახვია, ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ აკა ტაბუცაძემ ბურთი მიიღო და მინი-აჩქარებით ლელოში შეირბინა და ნაკრების კვართით თავისი მე-40 ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ იოლი გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში 7:3 გახდა ქართველების სასარგებლოდ – ორიოდე წუთით ადრე იტალიელებმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიშის გახსნა მოახერხეს.

რამდენიმე წუთში მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა კინკილა ქულამდე დაიყვანეს – 6:7, მალევე მატკავამ იგივეთი უპასუხა და 4-ქულიანი უპირატესობა აღადგინა.

თუმცა, აქცენტის ჯიუტად აბრაგანებსა და ჰაერში ბრძოლაზე გადატანით მწარედ დაისაჯნენ – ნინიაშვილი მანამდეც ხომ უნაკლო იყო მაღალ ბურთებზე ბრძოლისას, ტაიმის მიწურულს კი დავითმა მაღალი ბურთი უბრძოლველად, წნეხის გარეშე მიიღო, სიჩქარე აკრიფა, ალბათ 50 მეტრი ისე ირბინა, გზად ნახევარი „აძური“ რომ მოიტოვა, ხოლო როცა ბოჭავდნენ, აყოლილ ვასილ ლობჟანიძეს უნაკლოდ უპასა, ვასკაც ქარივით მიჰქროდა და მისი დამწევიც არავინ გამოჩნდა. ეს იყო ბორჯღალოსანთა ახალი კაპიტნის მე-16 სანაკრებო ლელო, ხოლო ლუკა მატკავამ გატანილი გარდასახვით პირადი ანგარიში 160 ქულას გაუტოლა.

რა სამწუხაროდაც უნდა ჟღედეს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა ისე, რომ მეორე ტაიმში ქულის აღება ვერ მოახერხა. გუნდს ერთი ძველი და ჯერაც მოურჩენელი სენი სჭირს. კარგა ხანია წესად იქცა, რომ პირველ ტაიმში დაწყებული საქმე, მეორე ნახევარში ფერხდება და საბოლოოდ ხშირად ფლავდება კიდეც. ეს ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრებში, თორემ ვისაც „მსოფლიო რაგბი“ ბორჯღალოსნებს ინტენსიურად აჯიბრებს, იმათ ქართველები ტრადიციულად იოლად ამარცხებენ ხოლმე.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იტალიამ მწყობრად შეუტია, რამდენიმე მრავალფაზიანი შეტევა დაატეხა თავს ბორჯღალოსნებს, რომლებმაც წესების დარღვევებს უხშირეს, ყოველივე კი შედეგად აკა ტაბუცაძის გასინბინებასა და ტექნიკურ ლელოში გადაიზარდა – ქართველმა გარემარბმა ბურთი ჩაჭრა, მაგრამ ვერ დაეუფლა, მეტოქემ შეუშალა ხელი, თუმცა, იმ მომენტისთვის ჩვენს ბიჭებს იმდენი მიჯრით ჯარიმა დაუგროვდათ, რომ ნამდვილად მაღალკვალიფიციურმა ზელანდიელმა რეფერიმ ოკიფმა „ჯოხი“ ტაბუცაძეზე გადატეხა…

13:17 არ იყო ის ანგარიში, რომელიც იტალიას აწყობდა და კაცმეტმა გუნდმა სტუმართა ჩათვლის მოედნის შტურმი გააძლიერა. ლამაზი დამუშავებული სიურპრიზ-კომბინაცია რეზერვში მასპინძლებსაც აღმოაჩნდათ და აკას დაბრუნებამდე წამებით ადრე ცრუ-მოლის მეშვეობით ქართული დაცვის გაბითურება მოხერხდა, გარდასახვაც ზუსტი გამოდგა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 20:17.

დარჩენილ დროში ანგარიშის სხვაობის გაზრდა უფრო რეალური იყო, ვიდრე პირიქით, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა ბოლო ძალებით თავი დაიცვეს, თან იტალიელებმაც ვერ იყოჩაღეს და „აძურიმ“ ბორჯღალოსნებთან მე-6 დაპირისპირებაში მე-5 გამარჯვება იზეიმეს.

მომდევნო მატჩი შემდეგ კვირას, 24 ნოემბერს,  თბილისში „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. დასაწყისი 18 საათზეა, მეტოქე კი ტონგა იქნება, ვისაც ბოლო ხანებში ყველა ამარცხებს, ვისაც არ ეზარება.