ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში უკრაინას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, უკრაინელების შეტევისა და ფლანგური ჩაწოდების შემდეგ საბა კვირკველიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები დაწინაურდნენ.
ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გაათანაბრება მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეძლეს – გოლი შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 19 ნოემბერს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ოლომოუცში ჩაატარებს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.