კვირას, გენუის „ლუიჯი ფერარისზე“ საქართველოს ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ტესტ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა 17:40-ზე დაიწყება და მას ცნობილი ახალზელანდიელი რეფერი ბენ ოკეფი გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ იტალიელებმა მშობლიურ უდინეში არგენტინის ნაკრებისგან მეტად მტკივნეული მარცხი განიცადეს – 18:50, ხოლო ბორჯღალოსნებმა მარსელში ახალი ზელანდიის XV-ს ცხარე ბრძოლა კი გაუმართეს, მაგრამ „ოლ ბლექსის“ ამ ფორმაციასთან მაინც ვერას გახდნენ – 13:31.
იტალიისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირებების ისტორია კი 5 მატჩს მოიცავს, რომელთაგან პირველი ოთხი აპენინელების გამარჯვებით დასრულდა, მეხუთე კი, 2022 წლის ივლისში ბათუმის კოხტა „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნებმა მოიგეს და ეს იყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პირველი გამარჯვება ტიერ 1-ის წარმომადგენელ გუნდთან.
გენუურ მატჩში, მონპელიესგან შედარებით, რიჩარდ კოკერილის სასტარტოში ერთადერთი ცვლილებაა – „ლა როშელის“ მარჯვენა ბურჯ ალექსანდრე ქუნთელია მისი ლიონელი თანაამპლუელი ირაკლი აფციაური შეცვლის.
კაპიტანი კვლავაც ვასილ ლობჟანიძე იქნება, რომელმაც წინა მატჩშიც უნარიანად ულიდერა გუნდს.
ერთიც: მსოფლიო რეიტინგში იტალიის ნაკრები ხსენებული მარცხის შემდეგ მე-10 საფეხურზე დაქვეითდა, ხოლო საქართველო კვლავაც მე-12 ადგილზეა და თუ კვირას ბორჯღალოსნები იტალიას დაამარცხებენ, ხოლო უელსის ნაკრები შინ ავსტრალიასთან წააგებს, რაც დრაკონების რეგრესის გათვალისწინებით სავსებით რეალური ამბავია, ჩვენი გუნდი მსოფლიო რაგბის რეიტინგში უელსზე მაღლა დადგება, რაც ისტორიაში პირველად მოხდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან ტესტ-მატჩში:
1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 16 კეპი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე,16, 25), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი, 11, 0), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 11, 20), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი, 14, 10), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 9, 10), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 39, 30), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 36, 25), 9. ვასილ ლობჟანიძე (კაპიტანი, ოიონაქსი, 88, 78), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 55, 351), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 115, 90), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 7, 0), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 61, 40), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 44, 195), 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 33, 68).
მარქაფა: ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 9, 0), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი, 8, 0), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 8, 5), 19. ვლადიმერ ჩაჩანიძე (შავი ლომი, 19, 5), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 16, 10), 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 35,) 22. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 55, 351), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 40, 20).