Simone Inzaghi Head coach of FC Internazionale reacts as a decision goes against his team during the Serie A match between FC Internazionale and SSC...მილანური გაზეთი „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ „ინტერის’’ პოლიტიკას ამ ეტაპზე სრულად განაგებს გუნდის მწვრთნელი სიმონე ინძაგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ „ნაპოლის’’ თავკაცის ანტონიო კონტესა და პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის კომენტარებზე პასუხის გაცემა არ ღირს. საქმე ეხება პენალტს, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრაში მსაჯმა მაურიციო მარიანიმ ნეაპოლელთა კარში დანიშნა. მან სტუმართა ნახევარმცველის ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას კონტაქტი მასპინძელთა მარჯვენა მცველთან დენზელ დუმფრიზთან წესის დარღვევად მიიჩნია, ჰაქან ჩალჰანოღლუმ კი თერთმეტი მეტრიდან ძელს გაარტყა ბურთი.

კონტემ და დე ლაურენტისმა ეპიზოდი გააპროტესტეს, ინძაგი და მისი ამალა კი ნეაპოლელებს კამათში არ აჰყვა. „ინტერის’’ ბანაკში მიაჩნიათ, რომ მსაჯობაზე ჩივილი მთელი სეზონის განმავლობაში „ნაპოლის’’ ლაიტმოტივი იქნება, რადგან ეს „პარტენოპეელების’’ ხერხია. ამ ხერხით ისინი გარემოზე ზემოქმედებას ცდილობენ. „შავ-ლურჯები’’ კარგად იცნობენ კონტესაც, ის მათი ყოფილი მწვრთნელია და როგორც გაზეთი წერს მოეხსენებათ, რომ იგი მოედანს მიღმა ხრიკების დიდოსტატია.

Calciomercato იხსენებს, რომ სიმონე ინძაგიმ შარშან ცალ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა „იუვენტუსის’’ მაშინდელი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის ნათქვამი „პოლიციელებთან და მძარცველებთან’’ დაკავშირებით. ალეგრიმ თქვა, სერია A ამ ბავშვურ თამაშს ჰგავს, სადაც ვიღაც სულ წინ გარბის, „იუვენტუსი” კი ჩასაფრებულია და გაქცეულს გამოიჭერს ხოლმე.

„გაძეტა დელო სპორტი’’ ვარაუდობს, რომ ინძაგის შინაგანად ბრზისგან ალბათ თრთის, მაგრამ ამის გარეგნული გამოხატვისგან თავს იკავებს და პრინციპად დასახული აქვს შემდეგი: ჩვენ კონკურენტებს პასუხს მოედანზე გავცემთ.

თუმცა, მოხდა საინტერესო რამ. მსაჯი მარიანი, რომელმაც „ნაპოლის’’ კარში პენალტი დანიშნა, რამდენიმე სხვა არბიტრთან ერთად გარკვეული ხნით სერია B-ში დააქვეითეს და ამიერიდან იტალიის მეორე საფეხბურთო ეშელონის შეხვედრებს მოემსახურება.