ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტი გაფორმდასაქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი პოსტზე 2028 წლის ბოლომდე დარჩება. ეს ამბავი დღეს გაცხადდა. ძველი კონტრაქტით სანიოლს ეროვნულ გუნდში ამ წლის ბოლომდე უნდა ემუშავა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფრანგი სპეციალისტით იმდენად კმაყოფილები არიან, რომ ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი უბოძეს

შეგახსენებთ, რომ სანიოლი ეროვნულ გუნდს 2021 წლის თებერვლიდან თავკაცობს და მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა დღემდე ჩატარებული 42 მატჩიდან, 20 მოიგო, 6 ფრედ ითამაშა და 16 წააგო.

სანიოლის მეთაურობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილისა და მწვრთნელის კომენტარებს აქვეყნებს…

იაშვილი: ძალიან მიხარია, რომ ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით. ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა ინტერესს მის მიმართ. ერთად დიდი და წარმატებული გზა გამოვიარეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად.

სანიოლი: მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო.