კვარა „სან სიროზე’’ ბრუნდება. თორმეტი დღის წინ მან ამ სტადიონზე „მილანს’’ გაუტანა. ეს იყო მისი მეხუთე გოლი მიმდინარე სეზონში. ხვიჩა „ინტერს’’ სერია A-სა და იტალიის სუპერთასზე ხუთჯერ ეთამაშა, მაგრამ მის კარში გოლი არასდროს გაუტანია. თუმცა, როგორც ჯოვანი დი ლორენცო ამბობს, ყველაფერი, რაც დღევანდლამდე მოხდა მხოლოდ წარსულია. მან შეიძლება რამე გვასწავლოს, მაგრამ მომავლისკენ მიმართულ მზერას მიმართულებას ვერ შეგვაცვლევინებს.
მაშ ასე, კვარაცხელია „სან სიროზე’’ ბისზე გამოდის. ამჯერად იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ. ის და მისი თანაგუნდელები უკვე შვიდი ტურია სერია A-ს ცხრილში ლიდერობენ. და ვინ იცის, იქნებ ქართველმა მორიგი გოლიც გაიტანოს, მითუფრო, რომ დღევანდლამდე ასე მოვიდა: შედეგიანი დარტყმა ყოველ მეორე შეხვედრაში. უგოლო მატჩს გოლიანი ცვლის. ასეთია კვარას კანონი.
ხვიჩა ბრუნდება ქალაქში, სადაც „ატალანტასთან’’ წაგების წინ „ნაპოლიმ’’ ლიდერობა განიმტკიცა. იმ შეხვედრის ბედი მან და რომელუ ლუკაკუმ გადაწყვიტეს. მაგრამ, „ნაპოლის’’ ჯერჯერობით მხოლოდ 18 გოლი აქვს გატანილი, ნაკლები, ვიდრე სერია A-ს ცხრილში მეორე-მეექვსე პოზიციებზე მყოფ გუნდებს. „ატალანტას’’ მონაგარი 29 გოლია, „ინტერის’’ – 25. ნეაპოლელ მეგოლეთა შორის პირველი კვარაა, რომელმაც ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დროგამოშვებით ბრწყინავდა. საქმე მარტო გოლებში არ არის. ეს გამორჩეული ტალანტი, რომელიც აღმოსავლეთის ქარივით შემოვარდა და იალქნების დასაბერად იდეალურ ძალას წარმოადგენს, ხან ჩაირთვება, ხანაც გამოირთვება. კონტეს მოსვლის შემდეგ მან თამაშის სტილი შეცვალა, უფრო ხშირად შედის ცენტრში, მარცხნივ ნაკლებადაა და ლუკაკუსა და მაკტომინეის უკან პოლიტანოსთან ერთად 4-2-2-2 სქემაში შემტევი ნახევარმცველივით თამაშობს.
ახალი სათამაშო სისტემის დანერგვის შემდეგ კვარა, ხუთიდან სამი გაიტანა. ეს გახლავთ გოლები „მინცასთან’’, „ემპოლისა’’ და „მილანთან’’. ბოლოს 29 ოქტომბერს „სან სიროზე’’ შეაგდო, ასე რომ ნოემბერში ანგარიში ჯერ კიდევ გასახსნელი აქვს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ „მილანის” შემდეგ მან შემდეგ „ატალანტას’’ ვერ გაუტანა, გამოდის, რომ მიმდინარე სეზონში მკაცრად მისდევს თავის ფორმულას: უგოლოდ „ვერონასთან’’, გოლი „ბოლონიასთან’’, უგოლოდ „პარმასთან’’, გოლი „კალიარისთან’’, უგოლოდ „იუვესთან’’, გოლი „მონცასთან’’, უგოლოდ „კომოსთან’’, გოლი „ემპოლისთან’’, უგოლოდ „ლეჩესთან’’, გოლი „მილანთან’’ და უგოლოდ „ატალანტასთან’’… ერთი არა, ერთი კი. და ასე პირველი ტურიდან.
ფორმულა წესია და თუ ასეა, ის „ინტერთან’’ შეხვედრაზეც უნდა გავრცელდეს. თან ფეხბურთი ცრურწმენათა სამყაროა, ნეაპოლი კი ქალაქი-სახელმწიფო. გულშემატკივარს ისიც ახსოვს, რომ „სან სიროზე’’ თამაშის შემდეგ „ნაპოლის’’ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა მილანში დარჩა რათა ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან ახალ კონტრაქტთზე ელაპარაკა. საქმე ეხება კვარაცხელიას „ნაპოლიში’’ 2029 წლამდე დარჩენას, მაგრამ… ქართველი შეთავაზებულზე მეტ ხელფასს ითხოვს. გარდა ამისა, მისი სურვილია ახალ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ჩაიწეროს 80 მილიონი ევრო, რასაც კლუბის მხრიდან ჯერ გამოხმაურება არ ჰქონია. ადრე თუ გვიან მოლაპარაკებები დასრულდება. შევხედოთ. მანამდეკი, თამაშია. მოვიმარჯვოთ ქაღალდი, კალამი და ჩასაწერად მოვემზადოთ. კვარას წესი გამონაკლისს არ ითვალისწინებს.
ფაბიო მანდარინსი, corrieredellosport