უკრაინასა და ჩეხეთთან დასკვნით მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. მან ტქვა, რომ…
„ბოლო წლები ძირითადად ერთ ტაქტიკურ სქემას ვიყენებთ. ამ მხრივ ხშირი ცვლილება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როგორ ვთამაშობთ. სქემაში ცვლილებები ტრავმებით და დისკავიფიკაციით თუ იყო ხოლმე გამოწვეული.
რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ნაკრების დაცვის ხაზში რამდენიმე ვეტერანი თამაშობს. ჩვენ კალანდაძე გამოვცადეთ, მაგრამ ვითარება მუდმივად იცვლება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ საბა გოგლიჩიძეზე არავინ საუბრობდა, ახლა კი ის ნაკრებშია და შანსი აუცილებლად მიეცემა – საბა ნოემბერში სასტარტო შემადგენლობაში ერთ მატჩს მაინც დაიწყებს.
„სენტ-ეტიენისა“ და „ლიონის“ თამაშს რაც შეეხება, ეს საფრანგეთში ისტორიული დაპირისპირებაა. ზურიკომ ძალიან მოუმატა და ეს მახარებს. მიქაუტაძემ ბოლოს გაიტანა, ევროპა ლიგაშიც ითამაშა. გიორგი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებული იყოს.
კვეკვესკირმა ტრავმის გამო ბოლო შეკრებები გამოტოვა. ის ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშეა და დიდი როლი აქვს არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც. მიხარია, რომ ის ისევ ნაკრებშია.
ალბანეთთან ჩვენმა შემტევმა ტაქტიკამ არ გაამართლა, თუმცა იმ მატჩში ქულას მაინც ვიმსახურებდით. ნოემბრის მატჩებში უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მაღალი დონის გუნდებშია. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ“.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს – 16 ნოემბერს უკრაინას ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 19-ში ოლომოუცში ჩეხეთს ესტუმრება.