მიკელ არტეტამ „სან სირო’’ განრისხებულმა დატოვა. მისმა „არსენალმა’’ „ინტერთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა 0:1 წააგო. ესპანელს მწვრთნელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მსაჯებმა ორ საპენალტე სიტუაციაში შეცდომა დაუშვეს და ორივეჯერ ლონდონელების საწინააღმდეგოდ.
უპირველეს ყოვლისა „მეთოფეების’’ თავკაცი აღაშფოთა იმ ეპიზოდმა, როდესაც „ინტერის’’ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ჰაქან ჩალჰანოღლუმ გაიტანა. მსაჯებმა მიიჩნიეს, რომ მიკელ მერინომ „მეთოფეთა’’ საჯარიმოში ხელით ითამაშა. არტეტას აზრით, ამ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო.
მერინოს უკავშირდება მეორე, უფრო ადრინდელი ეპიზოდიც, რომელმაც სტუმრების თავკაცი გააბრაზა. ამ შემთხვევაში არტეტა „ინტერის” კარში მოითხოვდა პენალტის დანიშვნას: მილანელთა მეკარემ იან ზომერმა 28 წლის ესპანელს თავში ხელი გაარტყა.
მატჩის შემდეგ არტეტამ თქვა: „ჩვენ ძალიან უსამართლოდ მოგვექცნენ. ვერ მივხვდი რატომ დაარტყმევინეს „ინტერს’’ პენალტი. ეს ხომ რიკოშეტი იყო. ბურთი მოთამაშის სხეულთან ძალიან ახლოს იყო და არანაირი ხიფათი არ იქმნებოდა. მერინო ვერაფერს იზამდა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა აერიდებინა მას ბურთთან კონტაქტი. სეზონის დასაწყისში გვითხრეს, რომ ასეთ შემთხვევებში პენალტს არ დანიშნავდნენ. მაგრამ, კარგი, თუ ეს პენალტი იყო, მაშინ რატომ არ იყო პენალტი იმ ეპიზოდში, როდესაც მერინოს თავში მუშტი მოარტყეს? ეს ათასპროცენტიანი დარღვევა იყო. ასეთ მსაჯობასთან შეგუება ძალიან ძნელია’’.
შემდეგ არტეტამ დასძინა, რომ მან მერინო შესვენებისას გაბრიელ ჟესუსით იმიტომ შეცვალა, რომ ზომერთად შეჯახების შედეგად ესპანელი თავს ცუდად გრძნობდა.
„სან სიროზე’’ დამარცხების შემდეგ „არსენალს’’ ბოლო ექვს შეხვედრაში, პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში, სამი წაგება დაუგროვდა. შემდეგი შეხვედრა „მეთოფეებს’’ „სტემფორდ ბრიჯზე’’ „ჩელსისთან’’ ელით.