ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მზადაა, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – კამარ ბოლდუინთან ერთად, საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც.
27 წლის ბოლდუინი გამთამაშებელია და ესპანური „ბასკონიის“ ღირსებას იცავს. იგი, ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად, ბასკონიელებს ევროლიგაშიც ეხმარება.
სხვადასხვა დროს ბოლდუინი თურქული „ტურკ ტელეკომის“ (2020-2021), გერმანული „გიოტინგენისა“ (2022-2023) და იტალიური „ტრენტოს“ (2023-2024) ღირსებას იცავდა.
მიმდინარე სეზონში „ბასკონიაში“ ბოლდუინის სტატისტიკა ასეთია: ესპანეთის ჩემპიონატში 2 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 31 წუთში 15 ქულას, 5 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგაში ბოლდუინმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 16 წუთს თამაშობს და 6.1 ქულას, 3.3 პასს და 1.4 მოხსნას აგროვებს.