მთელი ბრაზილია დარწმუნებული იყო, რომ „ოქროს ბურთს” ვინისიუს ჟუნიორი მოიგებდა. ამაში „რეალის’’ გულშემატკივრებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი. დაჯილდოების მოლოდინში თავად ფეხბურთელმა პარიზში ოცკაციანი წვეულება შეუკვეთა, მაგრამ, როგორც ესპანური პორტალი superdeporte წერს, სანამ დათვს არ მოინადირებ, მის ტყავს ვერ გაყიდი.

პარიზის გალა ცერემონიალამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ხმა, რომ ვინისიუსი და „რეალის’’ სხვა ფეხბურთელები საფრანგეთს არ მიემგზავრებოდნენ. გაჟონა ინფორმაციამ, რომ გამოკითხვაში ვინისიუს ჟუნირომა კი არა, „მანჩესტერ სიტის’’ ესპანელმა ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა გაიმარჯვა. „რეალი’’ საკლუბო ტელეარხით პარიზიდან ხუთსაათიან ტრანსლაციას გეგმავდა და გადაცემა გააუქმა. Superdeporte-მ ამას მადრიდული კლუბის ისტერიკა უქოდა. ვინისიუსის სამშობლოში, ბრაზილიაში კი გამოჩნდნენ საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები, რომლებმაც რასიზმზე დაიწყეს ლაპარაკი.

ერთ-ერთი პირველი გახლდათ ბრაზილიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშე, ადრე მადრიდის „ატილეტიკოს’’ ახლა კი „ჩიკაგო რედ სტარზის’’ ვარსკვლავი ლუდმილა სილვა, რომელმაც X პლატფორმაზე დადო სიმღერის A Vida É Desafio (ცხოვრება გამოწვევაა) ტექსტის ნაწყვეტი. იქ არის ასეთი ფრაზა: „შვილო შენ შავი ხარ და ამიტომ ორჯერ უფრო მაგარი უნდა იყო’’.

ვინისიუსის მეგობარმა მომღერალმა MC მანეირინიუმ ინსტაგრამზე დაწერა: „ყველაფერი დიდი ხანია გადაწყვეტილია, მსოფლიოში საუკეთესო შენ ხარ. სტატუსი არ გჭირდება. ვიცი, მომხდარი ვერ გაგტეხს. შენ ხარ სირთულეების გადალახვის უდიდესი მაგალითი. მეამაყება, რომ შენი მეგობარი მეწოდება’’.

მძაფრი რეაქცია ჰქონდა ბრაზილიის ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ ვარსკვლავს მარტას, რომელიც აფრიკული წარმოშობისაა, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა „ოქროს ბურთის’’ გამოკითხვის გამარჯვებული.

„მთელი წელიწადი ველოდი, რომ მენახა როგორ დაასახელებდნენ ვინის საუკეთესო ფეხბურთელად და ახლა მეუბნებით, რომ „ოქროს ბურთს’’ მას არ აძლევენ? ეს რა „ოქროს ბურთი’’ გამოდის? მორჩა, დამთავრებულია’’! ― თქვა მან (იხ. ვიდეო).

ჟურნალისტებმა მიზეზის ძებნა მოედანს მიღმა დაიწყეს. ასე მაგალითად ცნობილმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა რენატა მენდონსამ თქვა, რომ ვინისიუსი ოსტატობის მიხედვით კი არ შეაფასეს, არამედ გამაღიზიანებელი ტიპია და ხმის მიმცემებზე ამან იმოქმედა. ანა ტიაში კი რასიზმის თემას დაუბრუნდა: „სხვანაირად არ შემიძლია, გონებაში უნებურად მოდის რასიზმის თემა’’.

თავად ვინისიუსმა კი დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „თუ საჭირო იქნება ათჯერ მეტს გავაკეთებ. ისინი ამისთვის მზად არ არიან’’.