„მილანისა’’ და „ნაპოლის’’ დიდი დაპირისპირების წინ calciomercato ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს. პორტალი წერს, რომ დღეიდან ანტონიო კონტეს გუნდს ნამდვილი გამოცდა ეწყება. უახლოეს მომავალში ნეაპოლელებს მიჯრით ელით დაპირისპირება ლიდერ გუნდებთან და კვარაცხელიამ, როგორც ვარსკვლავმა, სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს თავი. სკუდეტოს სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი „აძურის’’ დღევანდელ ხელმძღვანელობას ძალიან სჭირდება. Calciomercato წერს, რომ ქაღალდზე კვარაცხელია მიმდინარე სეზონშიც ჩინებულად თამაშობს – 9 ტურში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა (ამ 9 შეხვედრიდან ერთში ბოლოს შევიდა მოედანზე), მაგრამ ვიცით რა მისი უნარები, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ქართველს მნიშვნელოვნად შეუძლია საკუთარი თამაშის ხარისხის გაუმჯებესება.
დღეს კვარასგან გადამწყვეტ მოქმედებებს ელიან. ამას ემატება ისიც, რომ მას „მილანთან’’ ნავსი აქვს გასატეხი. ქართველს „როსონერის’’ წინააღმდეგ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ექვსჯერ უთამაშია და… არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია. მისი ერთადერთი საგოლე მოქმედება გახლდათ პენალტის მოპოვება სულ პირველ შეხვედრაში (იხ. ვიდეო). Calciomercato წერს, რომ იმ საუცხოო პირველ სეზონშიც კი კვარაცხელიას „მილანთან’’ თავისებურად არ გაუბრწყინია.
კიდევ არსებობს უკვე ორწლიანი დაპირისპირება მასა და რაფა ლეაოს შორის. ამ ორ ფეხბურთელს სხვადასხვა უნარ-თვისებები აქვთ, მაგრამ ერთი ამპლუისანი არიან. სამართლიანია თუ არა, ფაქტია: გულშემატკივრები მათ ერთმანეთს ადარებენ და კამათობენ რომელი მათგანია უკეთესი.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი ნამდვილად ვერ წყვეტს ციდან ვარსკვლავებს. მან 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გადააწოდა, თუმცა არასტაბილურია და ხშირად პასიურად დგას მოედანზე.
„მაგრამ, როდესაც ის „ნაპოლის’’ ხედავს, ინთება. მეორე მხრივ პედესტალზე ადგილის დაკავება სურს კვარაცხელიასაც და ამისთვის თავისი მოქიშპის ლეაოს გუნდის დამარცხება სწადია. მას უნდა, რომ „სან სიროზე’’ თავად გახდეს მთავარი გმირი, „ნაპოლი’’ კიდევ უფრო წინ წაიყვანოს და „როსონერი’’ ლანდად აქციოს’’, — წერს Calciomercato.