სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრა „ბოლონიასა’’ და „მილანს’’ შორის გადაიდო: ბოლონიის მუნიციპალიტეტმა და პირადად მერმა მატეო ლეპორემ ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ გულშემატკივართა ტრანსპორტირებასთან, უფრო სწორად კი სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემის გამოშეხვედრა ვერ ჩატარდება. იტალიური მედია წერს, რომ ეს ამბავი არც ბოლონიელებს ესიამოვნათ და არც მილანელებს, ვინაიდან მათ გადატვირთულ გრაფიკში შეხვედრისთვის თარიღის შეცვლა პრობლემურია. დიდი ალბათობით მატჩი 2025 წელს ჩატარდება. სავარაუდოდ, ეს ამბავი არც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის’’ ესიამოვნებოდა, ვინაიდან ნეაპოლელები შაბათს „ლეჩეს’’ მასპინძლობენ, სამშაბათს კი მილანში ჩადიან სათამაშოდ და მეტოქე დასვენებული დახვდებათ.
ბოლონიის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალური წერილით თავს არ შეგაწყენთ. მოკლედ გეტყვით, რომ ბოლო დღეებში ემილია რომანიას რეგიონს, შესაბამისად ქალაქ ბოლონიასა და კერძოდ მის იმ რაიონს სადაც „დალ’არას” სტადიონი მდებარეობს თავს დიდი წვიმები დაატყდა, რამაც ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. ქალაქის ხელმძღვანელობას უჯობს შესაბამისი სამსახურები წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად დააკავოს, ვიდრე 35 ათასი გულშემატკივრის სარბიელზე მიყვანასა და ხალხთა ნაკადის მართვაზე მოაცდინოს. სტადიონის გარშემო დაზიანებული გზები გასარემონტებელია.
ზემოთ „ნაპოლი’’ ვახსენეთ. ბოლონიაში მოსულმა თქეშმა გარკვეული გაგებით მის სასარგებლოდაც იმუშავა. კერძოდ, ვინაიდან „ბოლონია’’-„მილანის’’ შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო, მილანელთა ორი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი, თეო ერნანდესი და ტიანი რეინდერსი ხვალის ნაცვლად „პარტენოპეელებთან’’ შეხვედრას გამოტოვებენ.