Empoli, Italy Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli controls the ball during the Serie A match between Empoli FC and SSC Napoli at Carlo Castellani on...Calciomercato წერს, რომ „ნაპოლიში’’ ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი უკვე დუღილს იწყებს. შეგახსენებთ, რომ კვარას ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლის  ივნისამდეა ძალაში, მაგრამ ფეხბურთელის მხარე მიიჩნევს, რომ ხელფასი გადასახედია, რადგან ის სეზონში 1.5 მილიონ ევროსაც კი არ აღწევს. რად უნდა ლაპარაკი, რომ ეს გასამრჯელო ქართველის ოსტატობას ოდნავადაც არ შეესაბამება. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ რამდენიმე თვის წინ „პარი სენ ჟერმენმა’’ ფეხბურთელს წელიწადში 11 მილიონი შესთავაზა.

კვარაცხელიას „ნაპოლისთვის’’ ტრანსფერი არ უთხოვნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი „მარადონაზე’’ დარჩენაა. პრობლემა რიცხვებშია. „ნაპოლი’’ ფეხბურთელს ხელფასის მომატებას სთავაზობს, მაგრამ სეზონში 5 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, ის კი 8 მილიონს ითხოვს. კლუბის ხელმძღვანელებსა და კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს შორის მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალშია დანიშნული. Calciomercato-ს ვარაუდით ამ შეხვედრაზე „ნაპოლი’’ ადრე შეთავაზებულ თანხას შემონახულ ერთ მილიონსაც დაამატებს. ამასთან, ნეაპოლელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს სურს ახალ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის თუ კონტრაქტის გაწყვეტის საფასურად 100 მილიონ ევროზე მეტი ჩაუწეროს.

მაგრამ, თუ მხარეებს შორის გარიგება ვერ შედგება, მაშინ მოსაფიქრებელია, რა უნდა მოხდეს მომავალში. Calciomercato ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს. პორტალი დე ლაურენტისის სიტყვებსაც იხსენებს: „ფეხბურთელები ადრეც გაგვიყიდია. თუ კვარაცხელია წავა, რამენაირად გადავიტანთ. მოთამაშეთა სურვილები მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს კლუბის სურვილებიც’’. როგორც ჩანს, პრეზიდენტს არ უნდა წარსულის შეცდომები გაიმეოროს. ვიქტორ ოსიმენის ამბავი ხომ ნამდვილად ჭკუის სასწავლებელი იყო. მაგრამ, როდის უნდა გაყიდონ კვარაცხელია? პორტალი წერს, რომ ამ ეტაპზე, საიანვროდ, მყიდველი არ ჩანს და შესაბამისად ტრანსფერი მოსალოდნელი არ არის.

როგორ ზემოთ ვახსენეთ, ქართველის შეძენა გასულ ზაფხულს „პარი სენ ჟერმენს’’ უნდოდა, მაგრამ „ნაპოლიმ’’ ოფიციალური უარი შეუთვალა. მიზეზი: ანტონიო კონტემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ხვიჩა სჭირდებოდა. Calciomercato-ს აზრით შემდეგ ზაფხულს ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და კვარა „ნაპოლიში” ხელშეუხებელი აღარ იყოს. ანუ, თუ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს და ფეხბურთელის ყიდვის მსურველიც გამოჩნდა, 100 მილიონზე ძვირად „ნაპოლი’’ კვარაცხელიას გაყიდის. პორტალი ხაზს უსვამს, რომ ამჟამინდელი ხელშეკრულების ამოწურვამდე ჯერ დიდი დროა და კვარაც კარგად თამაშობს: ამის დასტურია მისი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობა ანდა უბრალოდ მისი თამაშის ხარისხი.

არ არის გამორიცხული, რომ კვარაცხელიას ყიდვა მხოლოდ „პარი სენ ჟერმენმა’’ კი არა, ინგლისურმა გუნდებმაც მოინდომონ. და მართალია, ჯერჯერობით ყველა მიმდინარე საკითხებით არის დაკავებული, Calciomercato-ს მტკიცებით აგენტი ჯუღელი კულისებში უკვე სამომავლო საკითხებს აგვარებს.

ის კი კარგია, რომ თავად კვარაცხელია ბურთის თამაშზეა კონცენტრირებული და „ნაპოლის’’ ერთ-ერთი მთავარ ვარსკვლავად რჩება.