„მესტალიაზე’’ ეს ღამე სხვა ღამეებს არ ჰგავდა. გუნდი ბოლო ადგილზე დაენარცხა. „ვალენსია’’ ამ დროს ასეთ პოზიციაზე არასდროს ყოფილა და რაც უფრო ცუდია, გულშემატკივრებს ყველაფერი ყელში ამოუვიდათ. მათ ეს შეხვედრის მერე გამოამჟღავნეს.
თავიდან ყველაფერი სტადიონის გარეთ ჩვეულებრივი პროტესტით დაიწყო. ვინ იცის ხალხი მერამდენედ აპროტესტებდა პიტერ ლიმის მენეჯმენტს. ბოლო წლებში „ვალენსიას’’ საშინაო თამაშების წინ ასეთი გამოსვლები წესად იქცა. ამჯერად აღშფოთება ერთ-ერთი გულშემატკივრის დანი კუესტას ამბავმა გამოიწვია. ის რამდენიმე კვირის წინ სინგაპურში ლიმის საწინააღმდეგო ბანერის გამო დაიჭირეს. ორშაბათს კი სტადიონთან დაახლოებით 2000 კაცს ეჭირა ყვითელი დროშა წარწერით „ლიმ წადი სახლში’’.
შემდეგ მატჩი დაიწყო. გუნდი ისე თამაშობდა, რომ გულშემატკივარმა გაიხარა. ბარახას გუნდმა მალევე გახსნა ანგარიში. ტრიბუნები ზეიმობდნენ. ყველა ბედნიერ საღამოს ელოდა, მაგრამ „ლას პალმასი’’ გამოფხიზლდა და შეხვედრის შემოტრიალება შეძლო (3:2). როდესაც მოედნიდან პეპელუ გააძევეს ხალხმა მოედანზე სხვადასხვა საგანი ისროლა. მიწისძვრა კი მაშინ დაიწყო, როდესაც კანარის კუნძულის გუნდმა მესამე გოლი შეაგდო.
თამაშის დამთავრების შემდეგ ლოჟის შესასვლელთან ათასობით ქომაგმა მოიყარა თავი. ისინი კვლავ კლუბის მენეჯმენტით იყვნენ უკმაყოფილონი და სტადიონის შტურმით იმუქრებოდნენ. გულშემატკივრები გაიძახოდნენ: „თქვენ აქედან ვერ გახვალთ’’. შესავლელის წინ პოლიციამ კორდონი დააყენა. ფეხბურთელებმა და მენეჯმენტმა სტადიონიდან გასვლა ვერ მოახერხეს. რაც დრო გადიოდა, მით მეტი ხალხი გროვდება სტადიონის ამ მხარეს. გაისმოდა შეძახილები ლიმის, ლაიონ ჩანის, მიგელ ანხელ კორონას, ხავიერ სოლისის და სხვა დირექტორების მიმართ.
ფეხბურთელები ჩვეულებრივ მანქანებს „მესტალიადან’’ 100 მეტრში, კლუბის ოფისის სადგომზე აჩერებენ ხოლმე. ხალხი ამ პარკინგის შესასვლელთან მივიდა და კონტეინერს ცეცხლი მოუკიდა. ხანძარი მალე ჩააქრეს. უსაფრთხოების ძალებს გულშემატკივრებში შევარდნა მოუხდა, მაგრამ ამან მდგომარეობა გაართულა. სტადიონზე და მერე მის გარეთ მომხდარი ამბით შეძრულმა პეპელუმ იქაურობა ტირილით დატოვა.
დირექტორებმა „მესტალია’’ გადაღმა გადასვლელიდან დატოვეს. იქ, არაგონის პროსპექტის მხარეს ხალხი არ იყო ჩასაფრებული. ფეხბურთელები დაცვის თანხლებით, ჯგუფად წავიდნენ ავტოსადგომისკენ და სახლებში გაეშურნენ.
ასეთი დაძაბული მდგომარეობა 2023 წლის 26 იანვრის მერე არ ყოფილა. მაშინ „ვალენსიამ’’ თასზე „ბილბაოსთან’’ წააგო. იმ დღეს ხალხი იუნუს მუსას მანქანას არყევდა. ახლანდელი ღამეც შავ ლაქად დარჩება „ვალენსიას’’ ისტორიაში. გულშემატკივრებს მოთმინების ფიალა აევსოთ.
ჩავი ტერული, AS