ერთა ლიგის B დონის პირველ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა შინ ალბანეთთან 0:1 წააგო, უკრაინამ ჩეხეთთან 0:1 ჩამორჩენა გამოასწორა, 1:1 ითამაშა და მეტოქეს ცხრილში „შორს გაქცევის’’ საშუალება არ მისცა. 4 ტურის შემდეგ ჩეხებს 7 ქულა აქვთ, ქართველებს და ალბანელებს – 6, ხოლო უკრაინელებს – 4.
წინა ტურში ორივე გუნდმა მოიგო, უკრაინამ საქართველოსთან, ხოლო ჩეხეთმა ალბანეთთან. ამ გამარჯვებებით წაქეზებული გუნდები ერთმანეთს რიხიანად დაუპირისპირდნენ და თავიდანვე თითო სახიფათო მომენტი შექმნეს.
ანგარიში მე-18 წუთზე ჩეხებმა გახსნეს, როდესაც ლუკაშ ჩერვმა ნომინალური მასპინძლების მიერ კუთხურიდან თითქოსდა გამოტანილ ბურთს დასცხო, კარში შეაგდო და სიხარულისგან ლამის გაგიჟდა. მისი რეაქციის მიხედვით ადვილად მიხვდებოდით, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩეხთათვის ამ შეხვედრაში გამარჯვებას.
ცოტა ხანში მეტოქესთან თავით შეჯახების გამო ოლეგ გუცულიაკი ნოკაუტში ჩავარდა და მოედნიდან გაიყვანეს, მაგრამ ამ არასასიამოვნო ეპიზოდმა უკრაინელები ვერ გატეხა და 53-ე წუთზე არტიომ დოვბიკმა ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.