ერთა ლიგის „ბ” დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთს დაუხვდა. სატურნირო ცხრილიდან გამოდინარე, ვილი სანიოლის გუნდს მოგება სჭირდებოდა. თუმცა, სამი ქულა მეტოქეს გავატანეთ… ფრანგმა სპეციალისტმა ხუთმცველიან ტაქტიკას „უღალატა” და მოედანზე შემტევი შემადგენლობა გაიყვანა. თავიდან მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით და ათიოდ წუთში სამი მომენტი შევქმენით: ბუდუ ზივზივაძემ ვარდნაში ბურთი კარს გადააცილა; ზურიკო დავითაშვილს მეკარემ აუღო; გიორგი მიქაუტაძის დარტყმული ბურთი კი კარის ბადეს გარედან მოხვდა. თუმცა, მე-14 წუთზე ჩვენც გადავრჩით – გიორგი მამარდაშვილმა ახლოდან დარტმული ბურთი მოიგერია.
ამის შემდეგ თამაშის ტემპმა და სიმწვავემ იკლო. ბურთს კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ხოლო მეორე ტაიმის დაწყება და გოლის გაშვება ერთი იყო – 48-ე წუთზე ჩვენს დაცვას „ჩამოეძინა” და ასლნამა ანგარიში გახსნა – 0:1. გასატანად გავიწიეთ, მაგრამ შეტევაში ფანტაზია გვაკლდა, მეტოქე კი, იშვიათად, მაგრამ უფრო იოლად პოულობდა ნაპრალებს ჩვენს დაცვაში და ორჯერ მეორე გოლსაც გადავურჩით.
71-ე წუთზე კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი სტრაკოშამ მოიგერია. იქვე სტუმრებმა დაგვინდეს – ჩვენი შეცდომით ვერ ისარგებლეს. ამისთვის მათი დასჯაც შეგვეძლო, მაგრამ კვარაცხელიას დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
დარჩენილი დრო ქაოსურ შეტევებში გავატარეთ. დასამახსოვრებელი მხოლოდ დვალის შორეული გასროლა იყო, რომელიც ასევე არაზუსტი გამოდგა…