ერთა ლიგის B დონის პირველი ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინამ საქართველოს 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილმა ნახევარდაცვაში ბურთი დაკარგა, მისმა დამზღვევებმა „ჩელსის’’ უკრაინელი თავდამსხმელისთვის გზის გადაკეტვა ვერ შეძლეს და საჯარიმოს მისადგომებიდან ვილი სანიოლის გუნდის კარში შეხვედრის ბედის გადამწყვეტი გოლი გავიდა.
უკრაინულმა პორტალმა football24 ქვეთავებად დაყოფილი ვრცელი, საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, რომლიდანაც გთავაზობთ მონაკვეთს, რომელსაც ავტორმა ალექსა ბიკმა დაარქვა: პრაგმატულმა უკრაინამ საქართველო გაანეიტრალა.
„გულშემატკივარი, რომელსაც თამაში არ უნახავს და მხოლოდ თამაშის აღწერას გაეცნო იკითხავს: სად იყო საგოლე მომენტები? და მართლაც, მომენტები ფაქტობრივად არ ყოფილა.
პირველ ტაიმში გოლის გარდა იყო ერთადერთი ეპიზოდი, როდესაც კონოპლიას პასით გუცულიაკმა ფრთიდან შეუტია. ოლექსეიმ გარღვევას პასი მოაყოლა. ბურთი სუდაკოვმა საჯარიმოში მიიღო. გეორგიმ მარჯვნივ გადაინაცვლა და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ ბურთმა ძელთან ჩაიარა.
სულ ეს იყო. საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის მიწურულს უკრაინის ნაკრებმა თავისუფლება უბოძა, ასეთი ეპიზოდები არ ჰქონია. სერჰი რებროვის ქვეშევრდომებმა შუა მოედნამდე დაიხიეს და კონტრშეტევებს იქ დაელოდნენ, რაც რაციონალური გადაწყვეტილება იყო. Картвелі-ს დაცვიდან შეტევაში გადასვლის პრობლემები ჰქონდათ, პოზიციურად მოთამაშე დაცვა კი დიდ სივრცეებს ტოვებდა. ჩვენმა გუნდმა ამ საღამოს თავის სტილზე უარი თქვა, რათა შედეგზე ეთამაშა.
თუმცა უკრაინელების კონტრშეტევა ვინგერების ძალიან სუსტი თამაშისა და ტექნიკური შეცდომების გამო ფაქტობრივად არ შედგა. იმედი განსაკუთრებით ჩაკარგულმა გუცულიაკმა გაგვიცრუა. მეორე მხრივ, ჩვენმა დაცვამ ჩვეული აგრესია მოადუნა, მოეშვა და ქართველებს სივრცეები გაუხსნა ― ერთ ეპიზოდში ისინი სამი დაბალი გადაცემით შევიდნენ ჩვენს საჯარიმოში.
მეორე ტაიმში უკრაინის ნაკრების აქტივში შეიძლება შევიტანოთ კიდევ ერთი მომენტი, რომელიც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. მუდრიკმა ასხლეტილი ბურთი იხელთა, 20 მეტრიდან დაარტყა და მამარდაშვილს მისი მოგერიება აიძულა. ეს იყო ერთი იმ სამი დარტყმიდან, რომლებიც უკრაინელებმა შესვენების შემდეგ შეასრულეს. 55-ე წუთის შემდეგ კი „ლურჯ-ყვითლებმა’’ ერთხელაც აღარ დაარტყეს.
ბოლო 30 წუთი უკრაინისთვის ძნელი გამოდგა. ქართველებმა შეცვლები განახორციელეს და საჯარიმოს შეუტიეს, რებროვის შეგირდებმა კი დაცვაში სხდომა განაგრძეს. კვლავ გამოირჩეოდა ხვიჩა, რომელმაც რამდენჯერმე მცველები შეაქანავა და ზოგადადაც აქტიურობდა, თუმცა „ნაპოლის’’ მოთამაშე უკრაინელმა მცველებმა დასარტყმელ პოზიციაზე არ გაუშვეს, რაც უკვე პლუსი იყო.
ჯამში ქართველები უფრო ფორიაქობდნენ და დარბოდნენ, ვიდრე რეალურ ინტენსიურ ზეწოლას ქმნიდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო სივრცეების გარეშე ვილი სანიოლის გუნდი შეტევაში იხრჩობა ― საჯარიმოში ვერ შედის. მეორე ტაიმში განხორციელებული 8 დარტყმიდან მხოლოდ ორი გაძვრა (და ისიც საჯარიმოს გარედან) უკრაინელების პერიმეტრზე კი მათ მხოლოდ 6 შეხება შეძლეს.
ჩვენი ფეხბურთელები საკმაოდ საიმედოდ იცავდნენ თავს, თუმცა ტალოვეროვის თამაში გარკვეულ კითხვებს ბადებს. კერძოდ, 52-ე წუთზე სწორედ მან წააგო დუელი მიქაუტაძესთან რის შემდეგაც ჟორჟმა ზაბარნი მოატყუა და საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან დაარტყა. ბურთმა ახლო ძელთან ჩაიარა.
გარდა ამისა, იყო პრობლემები „არავის ბურთებზე’’. ქართველები ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენი კონტრშეტევების ჩაშლას ახერხებდნენ, თუმცა უკრაინელები ბრძოლის ჟინში მაინც არ ჩამორჩნენ.
შეხვედრის ბოლოს მთელი ეს მონდომება შესაძლოა ამაო დარჩენილიყო, რადგან Сакартвело-მ გოლი გაიტანა. მიქაუტაძემ ტრუბინს პასი ჩაუჭრა და ხვიჩას გადაუგდო, შემდეგ კი მისგან დაბრუნებული ბურთი მარჯვნივ გაათამაშა. დავითაშვილმა (სტატიაში კიტეიშვილი წერია) ანატოლის გაუტანა, მაგრამ კვარაცხელია ოფსაიდში ყოფილა. ანგარიში არ შეიცვალა.
სერგეი რებროვის ქვეშევრდომებმა ბოლოს და ბოლოს საქმე ბოლომდე მიიყვანეს. როგორც მოსალოდნელი იყო, მოგება ძალიან ძნელად მოგვეცა”.