Matteo Politano of S.S.C. Napoli celebrates after scoring the goal of 1-0 during the 6th day of the Serie A Championship between S.S.C. Napoli and...დავიდ ნერეში რასაკვირველია ტუზია, რომელსაც ანტონიო კონტე ყოველთვის დროულად ათამაშებს, მაგრამ როდესაც „ნაპოლიზე’’ ვლაპარაკობთ უპირველეს ყოვლისა უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელიც სინიორ ანტონიოს ძალიან უადვილებს იმ ტაქტიკაზე გადასვლას მწვრნელმა პირველად ტურინში „იუვენტუსთან’’ შეხვედრაში რომ შემოგვთავაზა. ეს ადამიანი გახლავთ მატეო პოლიტანო. ის, კიდევ ერთი ცაცია სერიიდან „წინ და უკან მოტრიალე ისრები’’ – სირილ ნგონგე, მარცხნიდან ჯენტლმენი სახელად კვარა და ჯოკერი ჯაკომო რასპადორი ამოუწურავი ენერგიის მქონე სკოტ მაკტომინეისთან ერთად წარმოადგენენ გასაღებს, რომელიც 4-2-4 სქემის კარს მოერგო. ეს სქემა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოქნილია. ის ხშირად 4-2-2-2-ს ჰგავს, დაცვის ფაზაში კი 5-4-1-ად გარდაიქმნება ხოლმე. უკანა ხაზში, მარჯვენა ფრთაზე მეხუთე მცველად სწორედ პოლიტანო თამაშობს. ის გუნდს აბალანსებს. მას სამი ან მეტი, სულაც ოთხი ფილტვი აქვს და მთელს ფრთაზე დარბის. პოლიტანო ფუნდამენტური ფეხბურთელია.

პოლიტანოს ტრანსფორმაცია

პოლიტანოს როლი ასეთი გახდა: შეტევისას ის იმ 4 ან 2 ფეხბურთელს შორისაა, რომლებიც რომელუ ლუკაკუს უკან კვარას გასწვრივ დგებიან. ის მარჯვენა გარემარბის ან შუაში შემომავალი შემტევი ნახევარმცველის პოზიციას იკავებს. ხოლო როდესაც გუნდი დაცვაზე გადადის მატეო უკან იხევს და მცველების მწკრივში დგება. ეს მწკრივი ასეთ დროს ხუთკაციანი ხდება: პოლიტანო, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო და ოლივერა. აი, ასეთი სურათი გვქონდა „მონცასთან’’ და „კომოსთან’’ შეხვედრებში. „ნაპოლი’’ ამ ხერხით ცდილობდა ნესტასა და ფაბრეგასის მარცხენფლანგელი შემტევების კირიაკოპულოსისა და ფადერას შეჩერებას და შედეგი ორივე შემთხვევაში საუცხოო მიიღო. სამუშაო, რომელსაც პოლიტანო ასრულებს ფასდაუდებელი და ჯოჯოხეთურად მძიმეა, პლუს „მონცასთან’’ მან გოლიც გაიტანა, რის გამოც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამიტომაც გამოჰყო პარასკევს კონტემ ფეხბურთელი, რომელსაც „ინტერშიც’’ წვრთნიდა, თუმცა 2020 წლის იანვარში გუნდიდან გაუშვა. პოლიტანო სწორედ მაშინ გადავიდა „აძურიში’’.

„ნება მომეცით მატეო პოლიტანო შევაქო. ის მე „ნაპოლიში’’ დაღვინებული დამხვდა. ტექნიკური თვისებების გარდა ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული და ტაქტიკურ თამაშს დიდ ყურადღებას აქცევს’’, ― თქვა სინიორ ანტონიომ მას მერე, რაც მისი გუნდი ცხრილის სათავეში მოექცა.

სინთეზი

ფაქტია, რომ მთელი გუნდისა და გამორჩევით ორი კაცის, ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ფიგურების პოლიტანოსა და მაკტომინეის მოწადინების წყალობით კონტე „ნაპოლის’’ დაბალანსებულ ფეხბურთს ათამაშებს. გუნდს შეუძლია 4-2-4 სქემის შესაბამისად რვა კაცით შეუტიოს და ამ რვიდან ხუთი მწკრივში იდგეს. ეს გახლავთ კონტეს სამწვრთნელო ცოდნისა და ფეხბურთელობის დროს დაგროვებული გამოცდილების სინთეზი. ის ქმნის თავისი ტრადიციების შესაბამის გუნდს. შრომა, რომელსაც კონტე ეწევა ოვაციას იმსახურებს. „ნაპოლიმ’’ შვიდი შეხვედრიდან ხუთი მოიგო, ერთი ფრედ ითამაშა და მხოლოდ სულ პირველ ტურში დამარცხდა „ვერონასთან’’. გუნდმა 14 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.