David Neres and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A match between SSC Napoli and Parma Calcio at Stadio Diego Armando Maradona...პორტალი ilnapolista აქვეყნებს საინტერესო წერილს, რომლის ავტორიც „ნაპოლისა’’ და „კომოს’’ თამაშის ფონზე რომელუ ლუკაკუსა და ხვიჩა კვარაცხელიას საკითხს განიხილავს. ის ჯერ ლუკაკუზე წერს, რომ გულშემატკივარს ხშირად სტერეოტიპული აზროვნება ახასიათებს. ასე მაგალითად, თუ ლაპარაკია ცენტრალურ თავდამსხმელზე, ხალხს მიაჩნია, რომ თამაშში ორ გოლზე ნაკლები უკვე კრიზისს ნიშნავს. ლუკაკუმ „კომოსთან’’ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ერთი პენალტი გაიტანა. თუ გავითვალისწინებთ, რომ „ნაპოლიში’’ თერთმეტმეტრიანებს კარგად ვერ არტყამენ, მისი გატანაც დასაფასებელი საქმეა. ამიტომ, გაუგებარია, რატომ დარჩა ბელგიელის თამაშით ბევრი ადამიანი უკმაყოფილო. ამბობენ, რომ ის ჯერ თავისი შესაძლებლობების ნახევარს ამჟღავნებს. ავტორის აზრით ლუკაკუს აფეთქებები მართლაც აკლია, მაგრამ ზემოთ ნახსენებ საგოლე პასებსა და პენალტს, პლუს წინა შეხვედრებში შესრულებულ ასეთსავე ასისტებსა და გატანილ გოლებს იმ დიდ ფიზიკურ ორთაბრძოლებს თუ დავამატებთ, რომლებიც რეგულარულად უწევს, მისთვის საყვედურის თქმა არ შეიძლება.

შემდეგ კი მოდის მონაკვეთი კვარაცხელიას შესახებ. იქ წერია, რომ „მონცასთან’’ გატანილი გოლის მიუხედავად ეს უკვე მეორე შეხვედრაა, რომელშიც ქართველი უნაპერწკლოდ თამაშობს. დიახ, მან „კალიარის’’ და „ბოლონიასაც’’ გაუტანა, ოღონდ გულშემატკივრისთვის ეს საკმარისი არ არის. ხვიჩას შესრულებით ხალხი მხოლოდ ბრწყინვალე შეხვედრებს აღიარებს.

კვარას შემთხვევაში საფეხბურთო ფაქტორებს ეკონომიკურიც ემატება. მისი კონტრაქტის განახლებას საშველი არ დაადგა და მართალია კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა დაჟინებით იმეორებს, რომ საჩქარო არაფერია, წერილის ავტორს ამის არ სჯერა. ის ამბობს, რომ როდესაც ამ ფრაზას იმეორებენ, საქმე ყოველთვის ცუდად მთავრდება. თუნდაც ვიქტორ ოსიმენის შემთხვევა გავიხსენოთ.

თუმცა, არის ერთი მართლაც საყურადღებო მომენტი: როგორც ჟურნალისტმა ფაბრიციო დ’ესპოზიტომ დაწერა, კვარას დავიდ ნერეში ავიწროებს და ახლოვდება დრო, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ბრაზილიელი უნდა გამოვიდეს, ქართველი კი სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს. ნერეში „ნაპოლიში” ახალი გადასულია. მას სასტარტო შემადგენლობაში ჯერ არც უთამაშია, მაგრამ ათ-ათი თუ თხუთმეტ-თხუთმეტი წუთით 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.

კითხვაზე ნერეშს ხომ ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში და რატომ განიხილავენ მას მაინცდამაინც კვარას კონკურენტად, პასუხი მარტივია: ამ ეტაპზე მარჯვენაფლანგელი პოლიტანო ისეთ ფორმაშია, რომ მისი შემადგენლობიდან ამოგდება არ შეიძლება.

სტატიის ბოლოს ავტორი წერს, რომ კვარას სკამზე დასმის მაინც არ სჯერა, მაგრამ ფაქტს გვეუბნება, რომ „ნაპოლის” გულშემატკივრები ამაზე უკვე ლაპარაკობენ.