Inter and Milan, investigation on ultras: Federal Prosecutor Chiné requests documents from the Milan Prosecutor's Officeორშაბათს, გამთენიისას იტალიის პოლიციამ „ინტერისა“ და „მილანის“ 19 ულტრა-ტიფოზი და მათთან დაკავშირებული ხალხი აიყვანა. ლაპარაკია გულშემატკივრებზე კარებს უკან კურვებზე ანუ ტრიბუნებზე რომ სხედან. აყვანილთაგან 16 იზოლატორში წაიყვანეს, ხოლო 3 შინაპატიმრობაში დატოვეს. ოპერაცია ჩაატარა „მფრინავმა ქვედანაყოფმა“, რომელსაც ალფონსო ლადევაია ედგა სათავეში. დაკავებები კავშირშია გამოძიებასთან, რომელსაც მილანის პროკურატურის  ანტიმაფიის დირექტორატი აწარმოებს ანუ საქმე გულშემატკივართა ხულიგნობას კი არა მაფიის მეთოდებით მოქმედებას ეხება: გამოძალვას, სხეულის დაზიანებებს და სხვა.

დაკავებულთა შორის არიან „მილანის“ ულტრასების ანუ სამხრეთ ტრიბუნის ლიდერები, ძმები ფრანჩესკო და ლუკა ლუჩები, მათი მარჯვენა ხელი 35 წლის ისლამ ჰაგაგი მეტსახელად „ალექს კოლონიო“ (რომელმაც ამასწინათ „სან სიროს“ მიმდებარედ ადამიანის ცემა აღიარა), 42 წლის ალესანდრო სტიკო, მეტსახელად შრეკი (იმავე ცემაში მონაწილეობდა) და 41 წლის კრისტიან როსიელო ― ეს უკანასკნელი სახლში შეუვარდა VIP-თა პირად მწვრთნელ კრისტიან ლოვინოს, რომელთანაც მანამდე ღამის კლუბში შელაპარაკება მოუვიდა. როსიელო ხსენებული ღამის კლუბის დაცვაში მუშაობს.

დაკავებულები არიან „ინტერის“ ქომაგების ანუ ჩრდილოეთ ტრიბუნის ლიდერებიც: 39 წლის მარკო ფედერიკო, მამამისი(!) ჯანფრანკო, მაურო ნეპი იგივე მაურინიო, 39 წლის მატეო ნორიტო და 54 წლის რენატო ბოსეტი ანუ რენატონე.

მილანელი მოსამართლის დომენიკო სანტოროს განკარგულებაში წერია, რომ „ინტერი“ ჩრდილოეთ ტრიბუნას მართალია სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ფაქტობრივად ეხმარებოდა ბილეთების უკანონოდ გაყიდვაში, რაც დიდი შემოსავლის წყაროა.

ახლა კი უფრო სერიოზულ კავშირებზე: ეჭვმიტანილთა შორის არის საქალაქო მრჩეველი, მემარჯვენე ცენტრისტი მანფრედი პალმერი, რომელიც იმავდროულად ლეტიცია მორატის სიით გასული ლომბარდიის რეგიონული მრჩეველიც გახლავთ. ლეტიცია მორატი (2006-11 წლებში მილანის მერი) „ინტერის“ ყოფილი პრეზიდენტის მასიმო მორატის ყოფილი რძალი, მისი ძმის ჯანმარკო მორატის მეუღლეა. ბებიამისი მიმინა ბრიკეტო არნაბოლდი მეორე მსოფლიო ომამდე მილანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინტელექტუალურ-ზეპურ სალონს ფლობდა, შემდეგ კი თავგადაკლული ანტიფაშისტი იყო.

თუმცა, ბებიებს და მორატების ოჯახს თავი დავანებოთ და ის ვთქვათ, რომ მანფრედის კერძო კორუპციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. მისი დახმარებით მავანმა დაინტერესებულმა პირმა „სან სიროს“ პარკინგები იგდო ხელთ – კონტრაქტი გააფორმა. ამ პარკინგების მენეჯერი ჯერარდო ძაკანი შინაპატიმრობაშია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოთქვა სურვილი დაწვრილებით შეისწავლოს საქმე და გაარკვიოს აქვს თუ კავშირი ფეხბურთის კლუბებს გულშემატკივართა დაჯგუფებებთან, რაც კანონით იკრძალება. თუ კავშირი დამტკიცდება, ამას მოჰყვება სასჯელი: დისკვალიფიკაცია, ან დროებითი დისკვალიფიკაცია, 20 ათას ევროიან ჯარიმასთან ერთად.