გასულ უქმეებზე ტოპ 14-ში ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო პრო დ2-ში ლელოც დაიდო და ქართველმა ჩუბინებმაც გამოიჩინეს თავი.

ტოპ 14

„პომ“ წყალწაღებულ „სტად ფრანსეს“ უმასპინძლა და ბონუსით დაამარცხა – 30:16. ბასკთაგან ერთი ლელო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძემ გაიტანა: 57-ე წუთზე მოგებულ შერკინებას უბურთოდ მოწყდა, ლელოსკენ დაიძრა და პარტნიორისგან დროული პასი მიიღო, სიჩქარეაკრეფილი მძლავრი ბორჯღალოსნის შეჩერება კი პრაქტიკულად შეუძლებელია ხოლმე. ეს იყო ბექას მე-12 ლელო ტოპ 14-ში ჩატარებულ 76-ე მატჩში. გორგაძე ლელოებით ვეტერან ლევან ჩილაჩავას დაეწია, მოქმედ ქართველთაგან ამ ლიგაში ამ ორზე მეტი ლელო მხოლოდ დავით ნინიაშვილის ანგარიშზეა – 17. „ბექსონამ“ კი, გასულ ტურში კარგი თამაშით ტურის სიმბოლურში მოხვედრა დაიმსახურა.

ნინიაშვილს გასულ ტურში არ უთამაშია, „ლიონში“ ჩვენებურთაგან მხოლოდ ბექა შვანგირაძე გამოჩნდა, რომელმაც საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა, ხოლო მისმა გუნდმა „კასტრს“ 40:38 სძლია და სატურნირო ცხრილში საპლეიოფო, მე-5 ადგილზე ავიდა.

სათავეში კი გასული სეზონის ფინალისტი „ბორდო“ მოექცა, რომელმაც გასვლით მატჩში მოქმედი ჩემპიონი და აწ უკვე ყოფილი ლიდერი „ტულუზი“ 16:12 დაამარცხა, ქულებით გაუთანაბრდა და დამატებითი მაჩვენებლებით გადაუსწრო კიდეც. ორივეს, პლუს „ტულონს“, 14-14 ქულა აქვს.

პრო დ2

მეორე ფრანგულ სარაგბო ლიგაში მოვლენები ერთობ მოულოდნელად ვითარდება. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სოლიდური შემადგენლობით დაკოომპლექტებული „ნევერი 5 ტურის შემდეგ 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იქნებოდა, ხოლო საგძნობლად გადახალისებული „ბიარიცი“ თავს 18-ს მოუყრიდა ცხრილშიც გალიდერდებოდა.

„ნევერმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და თითქოს იოლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ 13:16 კი წააგო და ბონუს-ქულასღა დასჯერდა. მასპინძელთა ერთადერთი ლელო საქართველოს U20-ის ყოფილმა შუამარბმა ნიკოლა რაგოევმა გაიტანა. 20 წლის უკანახაზელი მე-20 წუთზე პარტნიორ გარემატბს აჰყვა, ცენტრის ხაზთან ბურთი მიიღო და 55 მეტრი მარცხენა ფრთაზე ისე ირბინა, მისი დაწევის შანსი რომ არავის მიცემია. ეს იყო ნიკოლას პირველი ლელო პრო დ2-ში, თანაც მან პროფესიონალებს შორის ხომ მხოლოდ მეორედ ითამაშა…

„ორიაკმა“ მრისხანე „ბეზიეს“ შინ 16:15 მოუგო და ამ 16 ქულიდან 11 ქართველების ანგარიშზეა. თამაში ხეირიანად გახურებულიც არ იყო, როცა დაჩი პაპუნაშვილმა შორეული დისტანციიდან საფირმო ჯარიმა გაიტანა. ეს მისთვის მე-2 ჯარიმა იყო სეზონის მე-4 მატჩში, სულ კი, მისი კარიერული მონაგარი 11 მატჩში  15 ქულას უდრის. დაჩის მერე კი თედოს ჯერი დადგა. აბჟანდაძემ მე-2 ტაიმის საწყის ნაწილში ზუსტი დარტყმებით გუნდს 8 ქულა მოუტანა და გამარჯვებაც დაუბევა. სულ კი თედოს ანგარიშზე პრო დ2-ის  24 თამაშში 154 ქულაა.

„ბიარიცმა“ ორი გიორგის – ნუცუბიძისა და ძმანაშვილის დახმარებით შინ „გრენობლს“ ბონუსით – 35:15 მოუგო და, როგორც ზემოთ ითქვა, ლიგას ახალ ლიდერად მოევლინა.

მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე 14-14 ქულით „ბრივი“ და „პროვანსი“ განლაგდნენ. პირველი „მონ-დე-მარსანთან“ სტუმრად 11:34 დამარცხდა, ხოლო მეორემ „ოიონაქსს“ ბონუსითა და დიდი სხვაობით მოუგო – 38:3.