ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პორტუგალიელი მცველი მარიო რუი ცოტა მიგვავიწყა, არადა მან შესაძლოა „ნაპოლის” უჩივლოს. რუიმ კლუბს გუნდში დაბრუნება მოთსთხოვა. ამავე პრეტენზიით 33 წლის მოთამაშემ მიმართა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციასაც. ის პროფკავშირისგან დახმარებას ითხოვს.
მას მერე, რაც „ნაპოლის” სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა, მარიო რუის „აძურისთან” ერთად ფაქტობრივად აღარ უვარჯიშია. ის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მარტო ცდილობს ფორმის შენარჩუნებას. საწვრთნელ ცენტრში მაშინ მიდის, როდესაც იქაურობა თავისუფალია. ასეთი მდგომარეობით შეწუხებულმა პორტუგალიელმა გადაწყვიტა სხვა ფეხბურთელების მსგავსი მოპყრობა მოითხოვოს. მისმა აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ განაცხადა, რომ კლიენტის ამ გადაწყვეტილებას მასთან კავშირი არ აქვს. ამბობენ, რომ ჯიუფრედისა და რუის გზები გაიყრება.
„რადიო Crc”-ს ცნობით ამ ზაფხულში მარცხენა მცველის შეძენა სურდათ „ვალიადოლიდს”, „ნიცას”, „არისს”, „ლილს” და „სან პაულუს”, ხოლო მას მერე რაც იტალიაში სატრანსფერო ბაზარი დაიხურა, გამოჩნდა „ბეშიქთაშისა” და „ბასაქშეჰირის” ვარიანტები, მაგრამ პორტუგალიელმა ყველა დაიწუნა.
„ნაპოლის” კი რუი ორი მიზეზის გამო აღარ უნდა: ერთი მიზეზი გახლავთ ხელფასი (სეზონში 2 მილიონი ევრო), მეორე კი კონკურენცია (ლეონარდო სპინაცოლა და მატიას ოლივერა).
მოგეხსენებათ, დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა ჰქონდა „ნაპოლის” კიდევ ერთ ფეხბურთელს ვიქტორ ოსიმენს, მაგრამ მან გამოსავალი იპოვა — „გალათასარაიში” წავიდა. მარიო რუი კი შესაძლოა სასამართლოს გზას დაადგეს.
პორტუგალიელის კონტრაქტი „ნაპოლისთან” 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.