ციტატა „უოტფორდ ობზერვერიდან”: „შესვენების შემდეგ მასპინძლები კვლავ აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ „უოტფორდმა” საკუთარი ძალის ირწმუნა, ხოლო როდესაც მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შევიდა, მისმა ჯიქურმა შეტევამ და ტემპმა მათ პრობლემები შეუქმნა”.

ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძის „უოტფორდი”, რომელიც ჩემპიონშიფში მე-8 ადგილზეა, სტუმრად არც მეტი-არც ნაკლები პრელირლიგის ლიდერ „მანჩესტერ სიტის” შეხვდა. „სიტიმ” ცხადია მოიგო (2:1), თან ანგარიში მე-5 წუთზევე გახსნა, 38-ზე კი 2:0-ს იგებდა, მაგრამ სტუმრებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. საგოლე შეტევაში დიდი როლი ქართველმა ითამაშა — პოლ ინსის ვაჟ ტომ ინსს პასიც მან მიუგორა — ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოს მისადგომებიდან შესანიშნავი დარტყმით ბურთი პეპ გვარდიოლას გუნდის კარში შეაგდო. ჩაკვეტაძე მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.

პირველ ტაიმში იყო მომენტი, როდესაც კვადვო ბაამ „სიტის” გოლი გაუტანა, მაგრამ მსაჯმა ის არ ჩათვალა. სხვა არბიტრს ასეთი ორთაბრძოლა შესაძლოა წესის დარღვევად არც მოჩვენებოდა.