Elia Caprile of Napoli interacts with Alex Meret of Napoli, as he is substituted during the Serie A match between Juventus and Napoli at Allianz...„ნაპოლის” ბანაკში ცუდი ამბებია. შაბათს ტურინში „იუვენტუსთან” შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმართა მეკარე ალექს მერეტმა კუნთის ტკივილის გამო მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის დებიუტანტი ელია კაპრილე ჩადგა.

შეხვედრის ბოლოსკენ მერეტის ტრავმას უკვე ეტყობოდა, რომ სახუმარო არ იყო, გუშინ კი „პინეტა გრანდე ჰოსპიტალში” ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „ალექს მერეტს დაუდგინდა ბარძაყის დიდი მომზიდველი კუნთის მეორე ხარისხის დაჭიმულობა. მან უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გახლავთ ტრავმა, რომლის გამოც მერეტი სულ მცირე ერთ თვეს გამოტოვებს. როგორც მისმა აგენტმა თქვა, კიდევ კარგი გოლკიპერი დროულად გამოეთიშა თამაშს, თორემ უარესი მოხდებოდა. ის დანამდვილებით არ იქნება იტალიის თასზე „პალერმოსთან”, და სერია A-ს შეხვედრებში „მონცასა” და „კომოსთან”. ამის მერე იწყება სანაკრებო წყვეტა, რასაც მოსდევს 20 ოქტომბრის მატჩი საბა გოგლიჩიძის „ემპოლისთან”. ამ შეხვედრაში მერეტის მონაწილეობა საეჭვოა.

ალექს მერეტი „პარტენოპეელთა” კარს დიდი ალბათობით 26 ოქტომბერს „მარადონაზე” „ლეჩესთან” შეხვედრაში დაუბრუნდება. მანამდე კი „ნაპოლის” კარის დაცვის მთელი სიმძიმე კაპრილეს დააწვება.