ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის 107-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ესპანელთა მცველს, მარკ კუკურელის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ ინგლისელმა არბიტრმა, ენტონი ტეილორმა (ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ) თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, მატჩის შემდეგ კი უეფა-ს სამსაჯო კომიტეტმა განმარტა, კუკურელიას ხელი სხეულიდან არ იყო დაშორებული და პენალტი დასანიშნი არ იყოო.
ამ მატჩიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი იმავე კომიტეტმა აღიარა – ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებთა მეოთხედფინალური მატჩისას, ჯამალ მუსიალას დარტყმული მარკ კუკურელიას ხელზე რომ მოხვდა, პენალტი უნდა დანიშნულიყოო.
უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის დასკვნას ესპანური გამოცემა „რელევო“ ავრცელებს: „ბოლო ინსტრუქციების თანახმად, კარისკენ მიმავალ ბურთზე ხელით შეხება უნდა დაისაჯოს 11-მეტრიანით იმ შემთხვევაში, თუ მცველის ხელი სხეულთან ძალიან ახლოსაა. ამ შემთხვევაში, მცველმა (მარკ კუკურელია) კარისკენ დარტყმა სხეულთან არც თუ ისე ახლოს მყოფი ხელით გააჩერა, შესაბამისად, არბიტრს პენალტი უნდა დაენიშნა”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრის 118-ე წუთზე ესპანელებმა გერმანელებს მეორე გოლი გაუტანეს, ნახევარფინალში გავიდნენ და შემდეგ ჩემპიონებიც გახდნენ.
გერმანია კი ტურნირს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა, როგორც აღმოჩნდა, უსამართლოდ…