გასული უქმეები საფრანგეთის სარაგბო ლიგებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ტოპ 14-ში გიორგი ახალაძემ წყვილი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ში თავი მამუკა მსტოიანმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს. მათ გარდა კი დაჩი პაპუნაშვილმაც გაისროლა ერთი ზუსტი საჯარიმო…
ტოპ 14
საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი გიორგი ახალაძე თავის ახალ კლუბ „კლერმონში“ მესამე მატჩს ატარებდა – „ვულკანები“ ბასკურ „ბაიონს“ მასპინძლობდნენ. ახალაძეს სწორედ ამ შეხვედრაში ანდეს სასტარტო შემადგენლობის ადგილი და მანაც თავისი შანსი სრულად გამოიყენა: მე-20 და 44-ე წუთებზე ორი იდენტური ლელო გაიტანა – ბურთი რაქიდან აიტაცა და უმძლავრესი ბიძგით ლელოში გადადო. სასიამოვნოა, რომ რიჩარდ კოკერილის აღმოჩენა წინსვლას ესოდენ სწრაფი ტემპებით განაგრძობს. „კლერმონმა“ კი, ბონუსიანი გამარჯვება მოიპოვა – 26:10, რამაც „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ცხრილის მესამე საფეხურზე წაწია.
აღსანიშნავი კიდევ ის მოხდა, რომ „მონპელიეს“ ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ ტოპ 14-ში 50-ე მატჩი ჩაატარა, მისმა ლაროშელელმა თანაამპლლუელმა სანდრო ქუნთელიამ – 25-ე, ხოლო სულ ახალგაზრდა ლიონელ ირაკლი აფციაურს ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა. ჯაფარიძის „მონპელიე“ შინ ჩემპიონ და ლიდერ „ტულუზთან“ 11:20 დამარცხდა, „ლა როშელმა“ ასევე საკუთარ მოედანზე „პოსთან“ ბონუსით იმარჯვა – 49:25, ხოლო „ლიონმა“ ვანში 20:30 წააგო და მასპინძლებს ისტორიული, პირველი გამარჯვება დაანება.
პრო დ2
„აჟენის“ მარცხენა ბურჯ მამუკა მსტოიანს „ნევერთან“ საშინაო მატჩში მარქაფიდან ჩართვა უკვე მე-17 წუთზე მოუხდა, როცა მისი თანაამპლუელი მძიმედ დაშავდა. ჰოდა, 63-ე წუთზე, როცა აჟენელებმა სტუმრები თავიანთ ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვეს, მრავალფაზიანი შეტევის დასრულება სწორედ მამუკამ ითავა – რაქიდან აღებული ბურთით ლელოში ისეთი ღონიერი მოძრაობით შევარდა, რომ მის შეჩერებას აზრიც აღარ ჰქონდა. ეს იყო 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ბურჯის პირველი ლელო პრო დ2-ში გამართულ მე-10 მატჩში. „აჟენმა“ კი 35:17 მოიგო.
აი, თორნიკე ჯალაღონიასთვის კი, ბეზიეში გატანილი ლელო პრო დ2-ში გამართულ 49 მატჩში მე-11 იყო, თუმცა, თავის ახალ კლუბ „პრივანსში“ ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა თავი პირველად გამოიჩინა. მე-19 წუთზე პროვანსელებმა ჯარიმა გაათამაშეს და ჯალაღონიამ ბურთიანად 10 მეტრი ისე სწრაფად დაფარა, მცველებმა თვალიღა გააყოლეს. მისი გუნდი „ბეზიესთან“ 20:39 დამარცხდა და ბონუსიც ააღებინა.
ბონუსი გალიდერებულმა „ბრივმაც“ მოიპოვა, რომელმაც „ორიაკს“ 48:17 მოუგო. სტუმართა შორის სარეკორდო რაოდენობის ქათველმა ითამაშა – შვიდმა, რომელთა შორის ბრწყინვალე ფორმაში მყოფი თედო აბჟანდაძე არ ყოფილა. თედოს არყოფნაში ჯარიმებს და გარდასახვებს ხან ვინ ურტყამდა და ხან – ვინ. „ორიაკის“ პირველი ქულები კი საკუთარ ანგარიშზე დაჩი პაპუნაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მე-5 წუთზე მარცხენა ფლანგიდან კარგი ჯარიმა გაიტანა. ეს იყო ახალგაზრდა ფულბექის მე-4 ზუსტი ჯარიმა პრო დ2-ში ჯამურად გამართულ 10 მატჩში.