Scott McTominay of Napoli in discussion with Romelu Lukaku of Napoli and Khvicha Kvaratskhelia of Napoli during the Serie A match between Juventus...სკოტ მაკტომინეის „ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობაში პირველმა გამოჩენამ იტალიურ მედიაში აღტაცება გამოიწვია. შოტლანდიელმა რამდენიმე წუთი წინა ტურშიც დაჰყო მოედანზე, სარდინიაზე „კალიარის” წინააღმდეგ, მაგრამ იმ ფეხბურთმა, რომელიც მან ტურინში „იუვენტუსის” წინააღმდეგ აჩვენა, დიდ ეფექტი მოახდინა. აპენინური პორტალები წერენ, რომ ნეაპოლელ გულშემატკივარს ახალი კერპი გამოუჩნდა. სოციალურ ქესელებში გამოჩნდა პოსტები: „დღეიდან ძირითადის შეუცვლელი ფეხბურთელი გვყავს”, „გამოიკვეთა ზაფხულის ყველა ძვირფასი შენაძენი” და ასე შემდეგ.

„იუვეს” წინააღმდეგ ანტონიო კონტემ თავისი გუნდი სრულიად ახლებურად ათამაშა და ეს იმიტომ გააკეთა, რომ მაკტომინეი მოედანზე ყოფილიყო. „ნაპოლის” მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა კიდევაც, სქემა რომ არ შემეცვალა „ბევრ ფეხბურთელს მოვკლავდიო”. სხვა სტყვებით, მაკტომინეი ან სკამზე უნდა დამესვა ან მისთვის უხერხული ფუნქცია დამეკისრებინაო. ასე კი გუნდმა 4-3-3/4-2-3-1 სქემებით (დაცვა/შეტევა) ითამაშა, რომლის დროსაც შოტლანდიელი ბურთის ფლობის ფაზაში ან რომელუ ლუკაკუს გვერდით მეორე ცენტრფორვარდად დგებოდა ან კვარაცხელიასა და პოლიტანოსთან ერთად ქმნიდა ხაზს ბელგიელის უკან.

ნეაპოლური საიტების აბსოლუტური უმრავლესობა მაკტომინეის თამაშით კმაყოფილია. ისინი წერენ, რომ „ნაპოლის” თამაშს ხარისხი მან შესძინა: ითამაშა ძალისმიერად, ტექნიკურად, ურტყამდა კარში, ეტყობოდა, რომ კონტეს იდეებს ხორცს ასხამდა.

ბუნებრივია, მყისვე გაჩნდა შოტლანდიელის მის უშუალო მეტოქეებთან შედარების სურვილი. „იუვენტუსთან” შეხვედრაში ასეთი ჰოლანდიელი ტეუნ კოპმეინერსი იყო, რომელიც ტურინელებმა ამ ზაფხულს „ატალანტასგან” 51.3 მილიონ ევროდ იყიდეს. ამ თანხას დროთა განმავლობაში კიდევ დაემატება რამდენიმე მილიონი.  „იუვენტუსის” კიდევ ერთი შენაძენი, ბრაზილიელი დუგლას ლუისი, რომელშიც „ბებერმა ქალბატონმა”  50 მილიონი გადაიხადა, სულაც სათადარიგოთა სკამზე იჯდა მთელი 90 წუთის განმავლობაში. calciomercato წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა ორივე ტურინელი სრულიად დაჩრდილა. დღეიდან „ნაპოლის” ნახევარდაცვა შოტლანდიურად ალაპარაკდებაო, წერს პორტალი.