გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” სტუმრად „ნორვიჩთან” 1:4 წააგო. ეს გახლდათ ჩემპიონშიფის მე-6 ტურის შეხვედრა, რომლის მერეც გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილზეა. შემდეგი თამაში ჩაკვეტაძეს და მის გუნდს სამშაბათს, 24 სექტემბერს ლიგის თასზე სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან” აქვს.
„უოტფორდმა” მიმდინარე სეზონის პირველი სამი შეხვედრა მოიგო, ახლა კი უკვე სამი ტურია ვეღარ იგებს. მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ თქვა: „დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი. დღევანდელ მარცხს სწორად უნდა ვუპასუხოთ და მისგან მაქსიმალური სარგებელი ვნახოთ. მე წნეხს და სტრესს დაჩვეული ვარ. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე”.
უშუალოდ გიორგი ჩაკვეტაძეს კი „ნორვიჩთან” ცუდად არ უთამაშია. ერთ ეპიზოდში კინაღამ კუთხირიდან ჩაახვია ბურთი კარში. გუნდის ბევრი შეტევა მის მიერ გადაწოდებულ პასს მოსდევდა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო.