მაურიციო სარიზე ამბობენ, რომ ის შეიძლება „მილანის” შემდეგი მწვრთნელი გახდეს. მანამდე კი „ლაციოს”, „იუვენტუსის”, „ჩელსის”, „ნაპოლისა” და „ემპოლის” ყიფილმა თავკაცმა ალფრედო პედულას YouTube არხს მისცა ინტერვიუ, სადაც „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” დღევანდელ შეხვედრაზეც ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდებს:
…გუნდები ახლა ეცნობიან ერთმანეთს. ზაფხულში ისინი ერთმანეთთან სატრანსფერი თამაშებში იყვნენ ჩართულები. როგორც „იუვეზე” ასევე „ნაპოლიზე” მკაფიო შეხედულების შექმნა ჯერ ადრეა, მაგრამ ერთმანეთთან უშუალო დაპირისპირებაში გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნიან. ერთი შეიძლება ითქვას, რომ დაცვაში ორივე სოლიდურია. ახლა ვნახოთ როგორ ააწყობენ საქმეს შეტევაში…
…ხარისხით ორივე გუნდი თანაბარი ძალისაა, მაგრამ მე სიყვარულის გამო „ნაპოლის” ვირჩევ. იქ სამი მშვენიერი წელიწადი გავატარე. „იუვენტუსს” ერთი წელიწადი ვედექი სათავეში და ამ თორმეტი თვიდან ექვსი ცარიელი ტრიბუნების წინ გავატარეთ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ კარგი მოგონებები უფრო „ნაპოლისთან” მაკავშირებს. უბრალოდ, ისტორიებია სხვადასხვა…
…„იუვენტუსში” კრისტიან ჯიუნტოლის სატრანსფერო საქმიანობაზე იმას გეტყვით, რომ ნებისმიერ გუნდში ერთი ციკლი სამ ან ოთხწლიანია. მგონი ტურინში ახლა ძალიან საინტერესო ციკლი იწყება. დიდი შანსია, რომ „ბებერ ქალბატონს” წარმატებული პერიოდი დაუდგეს. საერთოდ კი, იტალიაში მრავალწლიან ციკლზე ლაპარაკი ძნელია. ჩვენს კულტურაში ფესვგადგმულია მიდგომა „ყველაფერი და ახლავე”, მაგრამ, აბა ალექს ფერგიუსონი გაიხსენეთ. მან „მანჩესტერ იუნაიტედში” მოგება ხუთი წლის მერე დაიწყო. იურგენ კლოპმა „ლივერპულში” წარმატებებს სამი წლის მერე მიაღწია და შემდეგ ყველაფერი მოიგო. კლოპს უყვარს თქმა, ადამიანი, რომელიც მწვრთნელს ორ წელიწადში აფასებს ფეხბურთში ვერ ერკვევაო. შესაძლოა „იუვენტუსის” შემთხვევაში ეს დრო უფრო მოკლე იყოს, რადგან ჯიუნტოლი და ტიაგო მოტა მაღალ დონეზე მუშაობას უკვე შეჩვეულები არიან…
…რაც შეეხება „ნაპოლის” სატრანსფერო ბაზარს, მაკტომინეი ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია, მაგრამ აგრეთვე დიდი შენაძენია გილმორი. „ნაპოლის” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, რომელმაც ბევრი მიზეზის გამო შეცდომები დაუშვა, მაგრამ მას ახლაც ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელსაც შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს. სხვა საქმეა, რომ ძნელი სათქმელია აჯობებს თუ არა ეს გუნდი ახლანდელ „ინტერს”…
…ლუკაკუ კონტეს ხელში ყოველთის კარგად თამაშობს. ვფიქრობ, მას ახლაც კარგი სეზონი ექნება. ბელგიელს კონტე შეურჩევს პოზიციას, რომელშიც ის თავს კომფორტულად იგრძნობს, ოსიმენი? ის სხვა შემთხვევაა. რიგ მიზეზთა გამო ნიგერიელი ახლა „გალათასარაიში” თამაშობს…
…აურელიო დე ლაურენტისის მიერ დახარჯულ ფულზე იმას გეტყვით, რომ მსგავსი ისტორია მეც მქონია. ეს „ჩელსიში” მოხდა, როდესაც მეტოქეებმა ჩვენზე გაცილებით მეტი დახარჯეს. იმ წლებში „სიტი” უზარმაზარ თანხებს იხდიდა. ასევე იქცეოდნენ „ლივერპული” და „იუნაიტედი”. მაშინ პრემიერლიგის კლუბებისთვის 120-130 მილიონი სატრანსფერო ბაზარზე მაქსიმალური დანახარჯი იყო…